ჩავი ერნანდესი, რობერტო დე ძერბი, რაფაელ მარკესი
Aa
Aa

ვინ შეცვლის ჩავის? - დე ძერბი გამოირიცხა, მარკესი რეალური ვარიანტია

Diario Sport-ის ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონას’’ შემდეგ სეზონში დიდი ალბათობით რაფაელ მარკესი გაწვრთნის. თუ ჩავიმ გადაწყვეტილება არ შეცვალა და სეზონის შემდეგ კატალონიური კლუბი დატოვა, „ბარსას’’ სპორტული დირექტორი დეკუ საინტერესო ალტერნატივად რაფაელ მარკესს მიიჩნევს.

რაფაელ მარკესი 2003-10 წლებში „ბარსელონას'' ფეხბურთელი იყო, 2022 წლიდან „ბარსას'' სარეზერვო გუნდს წვრთნის, რომელიც ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში თამაშობს.

დეკუ „ბრაიტონის’’ მთავარ მწვრთნელს, რობერტო დე ძერბის დაუკავშირდა, თუმცა რადგან იტალიელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, „ბარსელონამ’’ დიდი კომპენსაცია უნდა გადაიხადოს, რის გამოც დე ძერბის ვარიანტი თითქმის გამოირიცხა.

კატალონიაში ჰანს ფლიკის კანდიდატურასაც განიხილავდნენ, თუმცა საბოლოოდ მასზე უარი თქვეს, რადგან აშინებთ, რომ გერმანელი ახალ გარემოსთან სწრაფად ვერ ადაპტირდეს.

„ბარსელონას’’ პრეზიდენტს, ჟუან ლაპორტას სურს, რომ ჩავი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩეს, თუმცა ამ ეტაპზე ამის შანსი მცირეა. ჩავიმ განაცხადა, რომ ამ სეზონის შემდეგ პოსტს დატოვებს.

ლა ლიგის დასრულებამდე 7 ტურით ადრე „ბარსელონა'' მეორე ადგილზეა და ლიდერ „რეალს'' 8 ქულით ჩამორჩება. რთულად წარმოსადგენია, რომ „სამეფო კლუბმა'' ეს უპირატესობა გაანიავოს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ბარსამ'' სტუმრად პსჟ-ს მოუგო (2:3), საპასუხო მატჩი ხვალ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები