გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ვილი სანიოლი
Aa
Aa

დრამა, პენალტების სერია და დაწერილი ისტორია | საქართველო ევრო 2024-ზე ითამაშებს

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა და ფეხბურთელებმა მიზნის მისაღწევად მაქსიმუმი გააკეთეს. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა და გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელიც ჩვენებმა 4:2 მოიგეს.

შეხვედრის სტარტზე, ორივე გუნდი ფრთხილობდა და ერთმანეთის სუსტ წერტილებს ეძებდა. კარისკენ პირველი დარტყმა მე-10 წუთზე განხორციელდა, როცა ლევან შენგელიას გასროლას ბერძენი მცველები გადაეღობნენ. მე-11 წუთზე, ლაშა დვალი ხელსაყრელ მდგომარეობაში დარჩა, მაგრამ ბურთს ვერ შეწვდა.

საწყისი წუთების შემდეგ, ბერძნები ინიციატივას დაეუფლნენ, თუმცა, სახიფათო მომენტამდე საქმე არ მისულა. პირველი ტაიმის მიწურულს, „ლურჯ-თეთრების“ კარის მიმართულებით სახიფათო ჯარიმა დაინიშნა, რომელიც გიორგი ჩაკვეტაძემ კარში გაგზავნა და საქმეში ოდისეას ვლახოდიმოსი ჩაერთო. ბურთი კუთხურზე გადავიდა, რომელსაც მინი შანსი მოჰყვა, მაგრამ პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ საწყის 45 წუთში, ბერძნების სამმა მცველმა მიიღო ყვითელი ბარათი, რაც ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურობის დამსახურება გახლდათ. ნახევრის დასრულების მაუწყებელი სასტვენის შემდეგ, ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა და შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, შიმონ მარჩინიაკმა წითელი ბარათი გუსტავო პოიეტის ერთ-ერთ ასისტენტსა და გიორგი ლორიას უჩვენა.

მეორე ტაიმმა ბერძენთა სრული უპირატესობით ჩაიარა. სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ და რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, მაგრამ „მამარდას“ საკუთარი გუნდის გადარჩენა არ დასჭირვებია. ვილი სანიოლის ბიჭებს რაც შეეხებათ, მეორე ნახევარში თავის დაცვაზე ვიყავით ორიენტირებული და კარისკენ დარტყმები მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გვქონდა, მაგრამ ბერძნებს არ უნერვიულიათ. საბოლოოდ, გამარჯვებულის გამოსავლენად 90 წუთი საკმარისი არ აღმოჩნდა და დამატებითი დრო დაინიშნა - 0:0.

დამატებითი დროის პირველი ტაიმი საბერძნეთის უპირატესობით წარიმართა. მე-100 წუთზე, ანასტასიოს ბაკასეტასის დარტყმის შემდეგ, მამარდაშვილი ჩაერთო საქმეში და ბურთი კუთხურზე მოიგერია. 102-ე წუთზე, მავროპანოსს ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, მაგრამ მისი თავური ხარიხას მოხვდა, 103-ე წუთზე კი როტას მიზანმა უმტყუნა. პირველი დამატებითი ტაიმის მიწურულს, გოლთან ძალიან ახლოს იყო ზურიკო დავითაშვილი. მიქაუტაძის გადაცემის შემდეგ, მან შესანიშნავად იმოქმედა და მცველებს დაასწრო, მაგრამ „ლურჯ-თეთრები“ ვლახოდიმოსმა გადაარჩინა.

დამატებითი დროის მეორე ტაიმში გიორგი წიტაიშვილს კარგი მომენტი ჰქონდა. „წიტას“ ბრწყინვალე სოლორეიდის შემდეგ, საკუთარი გუნდი ვლახოდიმოსმა იხსნა. დარჩენილ წუთებში, ანგარიში არ შეცვლილა და ევრო 2024-ის საგზურისთვის პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც „ჯვაროსნებმა“ 4:2 მოიგეს. ჩვენი მხრიდან თერთმეტმეტრიანები გიორგი ქოჩორაშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა, ლაშა დვალმა და ნიკა კვეკვესკირმა გაიტანეს, გიორგი მიქაუტაძის დარტყმა კი არაზუსტი აღმოჩნდა. „მამარდამ" ბაკასეტასის პენალტი მოიგერია, გაკუმაკისის დარტყმა კი არაზუსტი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადამწყვეტ მატჩში დავმარცხდით - საქართველო ევროპის ჩემპიონატის მიღმა (U17)
გადამწყვეტ მატჩში დავმარცხდით - საქართველო ევროპის ჩემპიონატის მიღმა (U17)