გუსტავო პოიეტი, ოტო რეჰაგელი, გეორგიოს მასურასი
Aa
Aa

რა უნდა ვიცოდეთ საბერძნეთის ნაკრებზე - ინფორმაცია მეტოქის შესახებ

სამშაბათს, 26 მარტს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს და შესაბამისად, სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს. მეტოქეს კონტინენტის პირველობაზე 2012 წლის შემდეგ არ უთამაშია, ქართველებისთვის კი წარმატების შემთხვევაში ეს სადებიუტო გათამაშება იქნება.

 ურთიერთშეხვედრებში ელადელების უპირატესობა ცალსახაა - ცხრიდან შვიდი მატჩი მათი გამარჯვებით, ორი ფრედ დასრულდა, საქართველოს ნაკრებს კი ისინი არასოდეს დაუმარცხებია. ერთა ლიგის ფინალის საგზური ბერძნებმა ათენში „ოპაპ არენაზე“ ყაზახების 5-0 დამარცხებით მოიპოვეს. თითო ბურთი ანასტასიოს ბაკასეტასის, დიმიტრიოს პელკასის, ფოტის იოანიდისის და დიმიტრიოს კურბელისის ანგარიშზეა, ერთ შემთხვევაში კი ავტოგოლი გავიდა. მართალია ბურთი არ გაუტანია, მაგრამ კარგი მატჩი ჩაატარა გერგიოს მასურასმა, რომლის ანგარიშზეც 2 საგოლე პასია.

 ამ ფორმაციის საბერძნეთის ეროვნულ გუნდს გამოკვეთილი ლიდერი არ ყავს და ეს არც არის გასაკვირი, რადგან როდესაც ელადელებმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს და 2004 წელს პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად გახდნენ ევროპის ჩემპიონები, მაშინაც ოქროს მედლები არა ინდივიდუალისტების, არამედ გუნდური თამაშის ხარჯზე მოიგეს. თუ მაინც გამორჩევაზე მიდგება საქმე, უნდა აღინიშნოს „ლივერპულის“ მცველი კოსტას ციმიკასი. ასევე ინგლისის პრემიერლიგაში ასპარეზობენ „ნოტინგემის“ მეკარე ოდისეას ვლახოდიმოსი, „შეფილდ იუნაიტედისა“ და „ვესტ ჰემის“ ცენტრალური მცველები გეორგ ბალდოკი და კონსტანტინოს მავროპანოსი. პანტელის ხაციდიაკოსის სახით კი ბერძნებს ერთი წარმომადგენელი იტალიის სერია A-შიც ყავთ, რომელიც “კალიარის“ ღირსებას იცავს. ყაზახებთან ერთ-ერთი გოლის ავტორი დიმიტრიოს კურბელისი „ფათიჰ კარაგიუმრუქში“ შოთა არველაძის ხელმძღვანელობით თამაშობდა, 29 წლის ფორვარდი გიორგოს გიაკუმაკისი კი „ატლანტა იუნაიტედში“ საბა ლობჟანიძის თანაგუნდელია.

 ცნობილი სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკეტის“ მონაცემებით ყველაზე ძვირადღირებული ბერძენი ფეხბურთელი „ალკმაარის“ 25 წლის ფორვარდი ვანგელის პავლიდისია, რომელიც 22 მილიონ ევროდაა შეფასებული. შედარებისთვის კი გეტყვით, რომ ოთხი ყველაზე ძვირადღირებული ბერძენი მოთამაშის სატრანსფერო ღირებულებას ერთი ხვიჩა კვარაცხელიას (80 მლნ) ფასი აღემატება.

 ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში საბერძნეთის ნაკრებმა 13 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და მხოლოდ საფრანგეთსა (22 ქულა) და ნიდერლანდებს (18) ჩამორჩა. შესარჩევ ციკლში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 5 გოლით გეორგიოს მასურასი გახდა, ყველაზე მეტი 3 საგოლე პასი კი დიმიტრიოს პელკასმა შეასრულა.

  ბერძნებს 2022 წლის 3 იანვრიდან ურუგვაელი გუსტავო პოიეტი ამზადებს, რომლის ხელმძღვანელობითაც გამართული 21 მატჩიდან გუნდმა 12 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 6 წააგო, ბურთების შეფარდება 35-15-ზეა.

 ფიფას სანაკრებო რეიტინგში საბერძნეთის ნაკრები 49-ე ადგილზეა და საქართველოს 28 საფეხურით უსწრებს. საუკეთესო შედეგი რეიტინგში ბერძნებისთვის 2008 წლის აპრილში დადგა, როდესაც მე-8 პოზიციას იკავებდნენ, ყველაზე წარუმატებელი კი 1998 წლის სექტემბერი და 66-ე ადგილამდე ჩამოქვეითება იყო. ისტორიაში უდიდესი სხვაობით ბერძნებმა 1949 წლის 25 ნოემბერს სირია დაამარცხეს (8-0). თავად კი ყველაზე სამარცხვინოდ 1938 წლის 25 მარტს უნგრელებთან წააგეს 1-11. ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი გეორგიოს კარაგუნისია, რომელმაც ეროვნული გუნდის ფორმა 139-ჯერ მოირგო, ყველა დროის ბომბარდირი კი 29 გოლით ნიკოს ანასტოპულოსი გახლავთ. საბერძნეთის ნაკრებს სამ მსოფლიო და ოთხ ევროპის ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები. ყველაზე დიდ წარმატებას კი 2004 წელს პორტუგალიაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე მიაღწია, სადაც გერმანელი ოტო რეჰაგელის ხელმძღვანელობით ოქროს მედლები მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერძნებს ისტორიის გამეორების სჯერათ - რა პლუსი აქვს პოიეტს
ბერძნებს ისტორიის გამეორების სჯერათ - რა პლუსი აქვს პოიეტს