გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, ლევან შენგელია
Aa
Aa

ბუდუს შოუ, გაუქმებული გოლი და წითელი | საქართველომ ლუქსემბურგს მოუგო და ფინალშია

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს დაუპირისპირდა. მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა და „ჯვაროსნების“ გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

შეხვედრის სტარტზე, ორივე გუნდი ფრთხილობდა და რეალურ სახიფათო მომენტამდე საქმე მე-13 წუთზე მივიდა. გიორგი ჩაკვეტაძემ ქუსლით მაგარი გადაცემა გააკეთა, „წითელი ლომის“ კარისკენ კი ბუდუ ზივზივაძემ დაარტყა, მაგრამ სტუმრები ძელმა გადაარჩინა.

21-ე წუთზე, ბუდუმ გაიტანა, თუმცა, მანამდე ლუქსემბურგელთა მეკარეზე წესები დაარღვია და გოლი სამართლიანად გაუქმდა. მე-40 წუთზე, ვილი სანიოლის გუნდმა კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნა. ლევან შენგელიას ჩაწოდების შემდეგ, ოთარ კაკაბაძე ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ მეკარემ აჯობა და ბურთი კუთხურზე გადავიდა. კუთხურის შემდეგ, შეხვედრაში ანგარიში გაიხსნა. შენგელიას ჩაწოდების შემდეგ, ბურთი ზივზივაძეს მიუვიდა და მომენტი ბრწყინვალედ დააგვირგვინა - 1:0.

43-ე წუთზე, ლუქსემბურგელთა კარს გიორგი მიქაუტაძე დაემუქრა, მაგრამ მისი დარტყმა ენტონი მორისმა მოიგერია და საწყისი 45 წუთი საქართველომ მინიმალური ანგარიშით მოიგო, ლუქსემბურგს კი კარისკენ დარტყმაც არ ჰქონია.

მეორე ტაიმი სტუმრებმა უკეთ დაიწყეს. 50-ე წუთზე, საქმეში გიორგი მამარდაშვილი ჩაერთო და ურთულესი ბურთი მოიგერია. 53-ე წუთზე, ემოციების ზღვა დატრიალდა. მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, რა დროსაც წააქციეს, თუმცა, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ხოსე მარია სანჩესმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. მომდევნო შეტევაში ჟერსონ როდრიგესმა გოლი გაიტანა და „მამარდას“ კარი აიღო, თუმცა ვიდეორეფერიმ სანჩესს მიქაუტაძის მომენტის გადამოწმება ურჩია. ესპანელმა არბიტრმა როდრიგესის გოლი გააუქმა, მაქსიმ შანო მოედნიდან გააძევა და ჯარიმა დანიშნა.

სტანდარტული ლევან შენგელიამ შეასრულა და გოლთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა, ბურთი ხარიხას მოხვდა. საქართველოს ნაკრებმა მალევე გაიტანა. 64-ე წუთზე, ლევან შენგელიას გადაცემის შემდეგ, ზივზივაძემ ბრწყინვალედ ითამაშა, დუბლი შეასრულა და „ჯვაროსნების“ უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

84-ე წუთზე, თავის გამოჩენის შანსი ზურიკო დავითაშვილს მიეცა, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ვილი სანიოლის ბიჭებმა 2:0 იმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ფინალში საბერძნეთს ან ყაზახეთს შეხვდება. ფინალური დაპირისპირების მეორე მონაწილის ვინაობა რამდენიმე საათში გაირკვევა. თბილისის დროით, 23:45-ზე, საბერძნეთი ყაზახეთს საკუთარ კედლებში მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალის დონის ფეხბურთელი მეგონა, ახლა ასე არ ვფიქრობ“ | ჟურნალისტი კვარაზე
„რეალის დონის ფეხბურთელი მეგონა, ახლა ასე არ ვფიქრობ“ | ჟურნალისტი კვარაზე