ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, ფრანჩესკო კალცონა
Aa
Aa

დასანანი მარცხი ბარსასთან - კვარა ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე საპასუხო შეხვედრაში კატალონიის „ბარსელონამ’’ შინ „ნაპოლი’’ 3:1 დაამარცხა და ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მეოთხედფინალში გავიდა. ანგარიში მე-15 წუთზე ფერმინ ლოპესმა გახსნა, მე-17 წუთზე კანსელუმ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, 30-ე წუთზე რაჰმანიმ ანგარიში შეამცირა, მატჩის საბოლოო ანგარიში 81-ე წუთზე ლევანდოვსკიმ დააფიქსირა.

ნეაპოლში გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა. ასე რომ ორი მატჩის ჯამში კატალონიურმა გუნდმა 4:2 გაიმარჯვა.

მატჩის მიმოხილვა

50-ე წუთზე „ნაპოლის'' ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, განმეორებით ჩვენებაზე გამოჩნდა რომ კონტაქტი ნამდვილად იყო, თუმცა თამაშის წესის დარღვევა არ დაფიქსირდა. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით მატჩის შემდეგ „ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ისაუბრა (იხილეთ).

კალცონა: „პენალტი? ვნახე ეპიზოდი და 100%-იან პენალტს ჰგავდა. არ მესმის, რატომ არ ერევა VAR ასეთ დროს. იმედგაცრუებული ვარ, რადგან მას ამ მატჩის ბედის შეცვლა შეეძლო. „ბარსელონას“ კონტრ-შეტევებმა ძალა გამოგვაცალა. როცა ისინი ბურთს გვართმევდნენ, ძალიან სწრაფად გადმოდიოდნენ ჩვენს ნახევარზე და ეს ასპექტი უნდა გამოვასწოროთ''.

ტრადიციულად, ხვიჩა კვარაცხელიამ „პარტენოპეის'' სასტარტოში ითამაშა. ბურთს 50-ჯერ შეეხო, 28-დან 25 პასი ზუსტად შეასრულა, მის აქტივში 3 საკვანძო პასია, ორჯერ კარისკენ სახიფათოდ დაარტყა, თუმცა სიზუსტე დააკლდა. მინდორზე 11-დან 6 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 1 ორთაბრძოლა ჰქონდა და გამარჯვებული გამოვიდა. დრიბლინგის 5 მცდელობიდან 3 წარმატებული იყო.

კვარაცხელიას გამორჩეული მომენტები ბარსასთან

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია და ერთადერთი საგოლე პასი ბერლინის „უნიონთან'' გასვლით მატჩში შეასრულა.

ქართველი ფეხბურთელისთვის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტუნირზე ზედიზედ მეორე სეზონი იყო, გასულ სეზონში „ნაპოლი'' მეოთხედფინალალში გავიდა, სადაც „მილანთან'' დამარცხდა. რაც შეეხება კონკრეტულად ხვიჩა კვარაცხელიას, გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის 9 შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო (ორივე „აიაქსთან'' სხვადასხვა მატჩებში) და 4 საგოლე პასი შეასრულა (2 „აიაქსთან'' სხვადასხვა მატჩებში, „ლივერპულთან'' და „აინტრახტთან'').

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები