ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი“ | Mundo Deportivo-ს სტატია კვარაზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ბარსელონას“ ხვდება. „ბლაუგრანასთან“ გასამართ პირველ შეხვედრამდე, ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, Mundo Deportivo-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და „კვარაზე“ ისაუბრა.

„რთულ პერიოდში მყოფი ნაპოლის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი კვლავინდებურად მარცხენა გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველმა შემტევმა, რომელიც ბარსელონას ძალიან მოსწონს და მომდევნო სეზონამდე მის გაფორმებას ეცდება, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი საუკეთესო დრიბლიორის სტატუსით დაასრულა. მის ანგარიშზე 46 წარმატებული დრიბლინგია და ხვიჩამ კილიან მბაპესა და რაფაელ ლეაუს გაუსწრო.

კვარაცხელიას შემტევი პოტენციალი მხოლოდ დრიბლინგებით არ შემოიფარგლება და გოლებისა და ასისტების მხრივაც, გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ქართველი გარემარბი 6 გოლით ნაპოლის მეორე საუკეთესო ბომბარდირია და მხოლოდ პარტენოპეის მკვლელს, ვიქტორ ოსიმენს ჩამორჩება. ხვიჩაზე მეტი საგოლე გადაცემა კი მხოლოდ ჯოვანი დი ლორენცოს აქვს გაკეთებული.

კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა შორის, რომელსაც ბარსელონა აკვირდება. ქართველ ახალგაზრდას არ დაუმალავს, რომ მისი სურვილი რეალში თამაშია, მაგრამ მბაპეს გადასვლა და ვინისიუსის ფაქტორი რეალში მისი ტრანსფერის ალბათობას ამცირებს. შესაბამისად, ოთხშაბათს, ხვიჩას შანსი ექნება, გუნდს მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვებაში დაეხმაროს და ბარსელონას გამოცდაც გაიაროს“, - წერს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „ბარსელონასთან“ მატჩს ახალი მთავარი მწვრთნელით ხვდება. „პარტენოპეიმ“ ვალტერ მაცარი გაათავისუფლა და პოსტი ფრანჩესკო კალცონას ჩააბარა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ზრდას განაგრძობს, მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიუღწევია“ | Super Deporte-ს სტატია მამარდაზე
„ზრდას განაგრძობს, მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიუღწევია“ | Super Deporte-ს სტატია მამარდაზე