ტესტმატჩი ივლისში | ბორჯღალოსნები ავსტრალიას დაუპირისპირდებიან
Aa
Aa

ტესტმატჩი ივლისში | ბორჯღალოსნები ავსტრალიას დაუპირისპირდებიან

2024 წლის ივლისში ბორჯღალოსნები ტიერ1-ის გუნდებთან ზედიზედ ორ თამაშს გამართავენ.

13 ივლისს საქართველო იაპონიას ეწვევა და „საკურებს“ სენდაიში, ერთი კვირის თავზე კი, 20 ივლისს, ავსტრალიას სიდნეიში ერკინება. ეს იქნება „ვოლაბებთან“ მესამე დაპირისპირება – პირველი მსოფლიო თასს მიღმა.

საქართველო ავსტრალიას პირველად 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე შეხვდა და 75-ე წუთამდე ტოლ-სწორად ეთამაშა, თუმცა დასკვნით წუთებში ორი ლელო გაუშვა და საბოლოოდ მეტოქემ ბონუსით, 27:8 იმარჯვა.

2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის პირველ მატჩში „ვოლაბები“ ორი ლელოთი, ერთი გარდასახვით და სამი ჯარიმით 21:3 დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ ინიციატივას საქართველო დაეუფლა და ორი ლელო გაიტანა, მაგრამ ორიც თავად გაუშვა და მეტოქემ 35:15 იმარჯვა.

ამრიგად, ავსტრალიამ ნეიტრალურ მოედნებზე გამართულ ორივე თამაშში 4-4 ლელო გაიტანეს, საქართველომ კი შესაბამისად, ერთი და ორი ლელოთი უპასუხა. წელს ეს გუნდები პირველად ითამაშებენ მსოფლიო თასს მიღმა და ტიერ1-ის გუნდებიდან მხოლოდ ახალი ზელანდია დარჩება, ვისთანაც ტესტ-მატჩი ჯერ არ ჩაგვიტარებია.

იოსებ ტყემალაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი):

„მოუთმენლად ველით ავსტრალიაში გამგზავრებას და მათთან მსოფლიო თასს მიღმა პირველ თამაშს. დიდ მადლობას ვუხდი ავსტრალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტს, ბატონ ჯო როფს მიწვევისთვის და საპასუხოდ, მომავალში „ვოლაბებს“ საქართველოში სათამაშოდ ვეპატიჟები.

ავსტრალია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ელიტის წარმომადგენელია. ის, რომ მათ ჩვენთან თამაშის სურვილი აქვთ იმაზე მეტყველებს, რომ ქართული რაგბი ვითარდება. იაპონიასთან თამაშიდან ერთ კვირაში, ჩვენი გუნდი სიდნეიში ჩავა და 2023 წლის მსოფლიო თასზე ნაჩვენები შედეგისთვის რევანშის აღების შესაძლებლობა ექნება.

გლობალური ექსპანსია – ეს ის თემაა, რომელზეც მთელს სარაგბო სამყაროში საუბრობენ და სწრაფი განვითარებისთვის ჩვენ მეტი ამ დონის შეხვედრები გვჭირდება“.

rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია