ბორდო, ზურიკო დავითაშვილი, ანჟერი
Aa
Aa

ზურიკოს 89 წუთი და გამარჯვების გოლი! - ბორდომ ლიგა 2-ის ლიდერს მოუგო

საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ „ანჟერს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ქართველი შემტევი „ბორდოს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 89 წუთი გაატარა. სასიხარულოა, რომ „ანჟერის“ კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი ზურიკო დავითაშვილი გახდა და რიერას გუნდმა სწორედ ქართველი ფეხბურთელის გოლით მოიგო.

ზურიკოს გოლის გატანა პირველ ტაიმში, მე-11 წუთზეც შეეძლო, თუმცა, მისი თავური კარს მცირე მანძილით ასცდა.

70-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა სტუმართა საჯარიმოში დასწრებაზე ბრწყინვალედ ითამაშა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

გოლიდან ზუსტად ერთ წუთში „ბორდო“ 10 კაცით დარჩა. მეტოქესთან უხეშობის გამო მთავარმა მსაჯმა მოედნიდან მარსელინი გააძევა, თუმცა, რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, „ბორდომ“ შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც შეძლო. რაც შეეხება დავითაშვილს, რიერამ ქართველი ფეხბურთელი მოედნიდან 89-ე წუთზე გაიყვანა.

ზურიკო დავითაშვილისთვის ეს გოლი მიმდინარე სეზონში მეორე იყო. საერთო ჯამში, ქართველმა ფეხბურთელმა ჟირონდელთა შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ბორდომ“ ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 28 ქულა დააგროვა და მე-13 პოზიციაზე დამკვიდრდა. ზურიკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 თებერვალს, სტუმრად „ტრუას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები