გიორგი ჩაკვეტაძე, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, მიხეილ აშვეთია, დავით სირაძე, ოთარ ხიზანეიშვილი, გიორგი ჭანტურია, ნიკოლოზ გელაშვილი, მათე ღვინიანიძე, ლუკას ჰუფნაგელი, მურთაზ შელია, ხვიჩა შუბითიძე
Aa
Aa

ქართული რეკორდის შანსი ბუნდესლიგა 2-ში - ბუდუ VS კობი-იაშკას 10-გოლიანი სეზონი

„კარლსრუეს'' 29 წლის ქართველმა ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგის ბოლო 6 ტურში 5 გოლი გაიტანა (იხილეთ). ბოლო ექვსი მატჩის მონაცემებით ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. ანალოგიური შედეგი ბოლო ექვს ტურში მარცელ ჰარტელმა (სანკტ-პაული) და ფლორიან ნიდერლეხნერმა (ჰერტა) აჩვენეს. მათ აქტივში 6 ტურში 5 გოლია. მათზე უკეთესი შედეგი ვინსენტ ვერმეიმ (დიუსელდორფი „ფორტუნა’’) დააფიქსირა, რომელმაც ბოლო ექვს ტურში 7 გოლი შეაგდო. ის ერთადერთი თავდამსხმელია, რომელმაც ზივზივაძეს აჯობა.

ქართველების გოლები მეორე ბუნდესლიგაში

2002-03 წლების სეზონში ლევან კობიაშვილმა „ფრაიბურგის’’ რიგებში მეორე ბუნდესლიგის 28 მატჩში 10 გოლი შეაგდო. ანალოგიური შედეგი დააფიქსირა ალექსანდრე იაშვილმა 2006-07 წლების სეზონში, როცა 32 მატჩში მის აქტივში 10 გოლი იყო. 2003-04 წლების სეზონში ხვიჩა შუბითიძე აუე-ს 28 შეხვედრაში 8 გოლით დაეხმარა.

ქართველ ფეხბურთელებს შორის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით კობიაშვილისა და იაშვილის დაფიქსირებული შედეგი საუკეთესოა, მათ ხვიჩა შუბითიძე მოჰყვება, თუმცა თუ ბუდუ ზივზივაძის სათამაშო ფორმას გავითვალისწინებთ და ასევე იმას, რომ სეზონის დასრულებამდე 15 ტური რჩება, მას კარგი შანსი აქვს ხვიჩა შუბითიძეს გაასწროს და იაშვილი/კობიაშვილის შედეგიანობა გაიმეოროს ან გააუმჯობესოს.

მიმდინარე სეზონში ბუდუმ მეორე ტურში „კარლსრუე'' „ჰამბურგთან'' მატჩში მარცხისგან იხსნა, შემდეგ 10-მატჩიანი უგოლო სერია ჰქონდა, რაც გარკვეულწილად მცირე სათამაშო დროით აიხსნება. 29 წლის თავდამსხმელმა 10-მატჩიანი უგოლო სერიის შემდეგ გასულ ექვს ტურში 5 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, ამ სეზონის მეორე ბუნდესლიგის 18 შეხვედრაში მის აქტივში 6 გოლია. 18-დან მხოლოდ 5 მატჩი დაიწყო სასტარტოში, გატანილი 6 გოლიდან 3 ცვლილებაზე გამოსულმა შეაგდო.

საკვანძო მომენტი „ნიურნბერგთან'' იყო, როცა ცვლილებაზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და 10-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

საინტერესოა რომ იაშვილმა 2006-07 წლების სეზონის მეორე ბუნდესლიგის საწყის 19 ტურში მხოლოდ 2 გოლი შეაგდო, თუმცა დასკვნით 15 ტურში მის აქტივში 8 გოლია. ეს სეზონი იაშვილის ფრაიბურგულ კარიერაში უკანასკნელი იყო, 2007 წლის ზაფხულში კარიერა ზივზივაძის ამჟამინდელ კლუბს, „კარლსრუეს’’ დაუკავშირა.

მეორე ბუნდესლიგის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენებოთ ზივზივაძემ უკვე გაასწრო აშვეთიას, ჭანტურიას, სირაძეს და სხვა ქართველ ლეგიონერებს. ცხადია, მეორე ბუნდესლიგაში სხვა ქართველებსაც უთამაშიათ, თუმცა მხედველობაში ის ფეხბურთელები გვყავს, რომლებმაც თუნდაც 1 გოლი გაიტანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები