გიორგი მიქაუტაძე, დანტე, ჟან-კლერ ტოდიბო
Aa
Aa

მეცის კრიზისი გრძელდება - მიქაუტაძის გუნდის ზედიზედ მე-6 მარცხი

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში მეორეადგილოსანმა „ნიცამ'' შინ „მეცი'' 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი 76-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან ევან გესანმა გაიტანა.

„მეცის'' სასტარტოში გიორგი მიქაუტაძემ ითამაშა, მას გოლის გატანის რეალური მომენტი არ ჰქონია, „ნიცას'' დაცვის ხაზი დამაჯერებელი და უშეცდომო იყო, დანტესა და ტოდიბოს დუეტმა მიქაუტაძის წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა „მეცის'' ფორვარდმა 40 წლის დანტეს ორჯერ აჯობა, მე-3 წუთზე დანტემ მიქაუტაძე მოედნის ცენტრში წააქცია, მე-16 წუთზე კონტრშეტევისას ქართველმა ბრაზილიელი ჩამოიშორა, თუმცა შემდეგ დანტე დააზღვიეს. საბოლოო ჯამში, მიქაუტაძეს კარგი მატჩი არ ჰქონია, ფორმაში არაა. 83-ე წუთზე ლასლო ბოლონიმ მიქაუტაძე შეცვალა.

მის ცუდ თამაშზე სტატისტიკაც მეტყველებს, მიქაუტაძემ მინდორზე 9 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 2 მოიგო, მეორე სართულზე 3-დან 2 დუელი დათმო. ბურთი 14-ჯერ დაკარგა. მთელ მატჩში 17 პასი შეასრულა, 13 ზუსტი იყო. მის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდნენ. დრიბლინგის 4 მცდელობიდან ყველა წარუმატებელი იყო.

ქართველი ფორვარდის თამაშიდან რამდენიმე მეტ-ნაკლებად გამორჩეულ მომენტს გთავაზობთ, ზოგადი წარმოადგენა რომ შეგექმნათ მის დღევანდელ მატჩზე.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „მეცმა'' ზედიზედ მე-6 შეხვედრა დათმო, 18-გუნდიან ჩემპიონატში 16 ქულით მე-15 ადგილზეა, ამდენივე ქულაა გასავარდნ ზონაში მყოფი „ლიონის'' ანგარიშზე, რომელიც მე-16 ადგილზეა. მიმდინარე ტურში „კლერმონს'' ჯერ არ უთამაშია, ხვალ „სტრასბურგს'' ესტუმრება და თუ მოიგებს, „მეცი'' გასავარდნ ზონაში აღმოჩნდება. ამ მომენტში „კლერმონი'' 14 ქულით მე-17 პოზიციაზეა.

მე-20 ტურში „მეცი'' ბოლოადგილოსან „ლორიენს'' მიიღებს (4 თებერვალი, 18:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები