8-გოლიანი თრილერი - რეალმა ატლეტიკო გააგდო და სუპერ თასის ფინალშია
ესპანეთის სუპერ თასის პირველ ნახევარფინალში მადრიდული დერბი ვიხილეთ. საუდის არაბეთში, კერძოდ კი რიადში ერთმანეთს „რეალი“ და „ატლეტიკო“ დაუპირისპირდნენ. ანჩელოტის გუნდმა 5:3 მოიგო და ფინალში ითამაშებს.
მატჩმა გაცემული ავანსები სრულად გაამართლა. ძირითადი 90 წუთი ფრედ 3:3 დასრულდა. პირველ ტაიმში გუნდებმა 2-2 ბურთი გაცვალეს - „როხიბლანკოს“ მხრიდან ერმოსოსა და გრიზმანის გოლები, ხოლო „ლოს ბლანკოსის“ რიგებში რუდიგერისა და მენდის გოლები ვიხილეთ. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ნახევარი 1:1 დასრულდა. ჯერ რუდიგერის ავტოგოლი ვნახეთ, შემდეგ კი 85-ე წუთზე კარვახალის გოლი.
ამის შემდეგ, დამატებით ტაიმებში სიმეონემ უფრო ტრადიციული სცენარი და ტაქტიკა აირჩია, თამაში ჩაკეტა და აქცენტი პენალტების სერიაზე გააკეთა, რაც ძვირად დაუჯდა. „რეალმა“ უპირატესობა უფრო გაზარდა და 116-ე წუთზე ხოსელუსთან ბრძოლისას სავიჩმა ავტოგოლი გაიტანა.
122-ე წუთზე კი საჯარიმოში ჩასულ იან ობლაკს კონტრიერიშისას ბრაჰიმ დიასმა გაასწრო და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ანტუან გრიზმანისთვის ეს გოლი რეკორდული აღმოჩნდა. ფრანგმა „ატლეტიკოს“ მაისურით 174-ე გოლი გაიტანა და ლეგენდარულ ლუის არაგონესს გადაასწრო, რის შემდეგაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ესპანეთის სუპერ თასების ისტორიაში დღევანდელი შეხვედრა გასული გოლების რაოდენობით რეკორდული აღმოჩნდა. აქამდე 8 გოლი არასდროს გასულა.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს (23:00) მეორე ფინალისტის ვინაობას „ბარსელონა“ და „ოსასუნა“ გაარკვევენ.