ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

„ასეთი სულისკვეთებით ნებისმიერ გუნდს დავამარცხებთ“ - ტენ ჰაგი

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-19 ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

„წითელმა ეშმაკებმა“ პირველი ტაიმი 0:2 დათმეს, თუმცა, მეორე ნახევარში ალეხანდრო გარნაჩოს დუბლითა და რასმუს ჰოილუნის გოლით ბრწყინვალე „ქამბექი“ შემოგვთავაზეს და 3:2 გაიმარჯვეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა ტენ ჰაგმა:

პირველ ტაიმთან შედარებით, მეორე ნახევარში თამაშის ატმოსფერო საგრძნობლად შეიცვალა, მაგრამ თუ პირველ ტაიმს შეხედავთ, ნახავთ, რომ ორივე გოლი მხოლოდ სტანდარტული სიტუაციებიდან გავუშვით და ამ მომენტებში შესაბამისად კონცენტრირებულნი არ ვიყავით. ვფიქრობ, პირველ ნახევარშიც კარგად ვითამაშეთ და გოლის გატანის შანსებიც გვქონდა.

შესვენებაზე გუნდს ვუთხარი, რომ ფეხბურთის თამაში გაეგრძელებინათ და საკუთარი შესაძლებლობების ერწმუნათ, მაგრამ რეალურად უფრო მეტი უნდა გაეკეთებინათ. უფრო მეტი ზეწოლა გვჭირდებოდა. ნახეთ, რა მოხდა, როდესაც ანგარიში 1:2 გახდა, ჩვენ კი ზეწოლა გავზარდეთ.

თამაშის წინ ვთქვი, რომ „არსენალთან“ და „ლივერპულთან“ თანაბარი თამაში გვქონდა და თუ მეტს გავაკეთებდით, ნებისმიერ გუნდს დავამარცხებდით. უნდა ვიბრძოლოთ, თუ მეტოქესთან ჩამორჩენა 0:2-იც იქნება. ნებისმიერ ანგარიშზე ასეთი სულისკვეთებით უნდა ვითამაშოთ, ხასიათი გამოვავლინოთ და ეს, დღეს ბიჭებმა ნამდვილად აჩვენეს. ვფიქრობ, გუნდურად ძალიან კარგად ვითამაშეთ.

19 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება, „ასტონ ვილა“ კი 39 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები