ჩავი ერნანდესი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტა ჩავიზე: „მას სრული ნდობა აქვს და გაშვებას არ განვიხილავთ“

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუს დროს „ბლაუგრანას“ მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბი მას სრულ ნდობას უცხადებს.

რა თქვა ლაპორტამ:

ჩვენ ვენდობით ჩავის, ის ამას იმსახურებს. როდესაც ადამიანი შენს ნდობას გრძნობს, ის ყოველთვის მაქსიმალურის გაკეთებას ცდილობს. მისდამი ჩვენი ნდობა ურყევია. ის არამხოლოდ განათლებული ადამიანი, არამედ შესანიშნავი მწვრთნელიცაა. ის არის მიზანდასახული პიროვნება, რომელიც თავის ფეხბურთელებს იცავს და ეს მის ადამიანობაზე ბევრს ამბობს.

ჩავის ამ სეზონში ტრავმების გამო ბევრი უბედურების გადატანა მოუწია და გვჯერა, რომ ამ მდგომარეობას გადალახავს. მისი მატჩის შემდგომი ანალიზები შესანიშნავია და ეს მისთვისაც ნათქვამი მაქვს. ჩავისთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ეს ნორმალურიცაა, რადგან ის ჩვენი კლუბის მწვრთნელია.

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა მიმდინარე სეზონში კლუბის მიზნებზეც ისაუბრა:

„თუ ამ სეზონში ტიტულებს ვერ მოვიგებთ, მაშინ ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რომელიც კლუბს დასჭირდება და იმის მიხედვით, რაც გაკეთდა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტურნირში გვაქვს ბრძოლის შანსი. ვცდილობთ, ყველა შეჯიბრი მოვიგოთ, რომელშიც ვმონაწილეობთ. წინ გვაქვს ესპანეთის თასი და სუპერთასი.

ლა ლიგაში ლიდერს ჩამოვრჩებით, მაგრამ მესამე ადგილზე ვართ. ამჟამად რეცესიაში ვიმყოფებით, კონკურენტები კი ტემპს ინარჩუნებენ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ვარდნა მათაც ექნებათ, ჩვენ კი პირიქით, უფრო წინ წავალთ, რადგან გუნდისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოჯანმრთელდა.

ჩემი მოლოდინები არ შეცვლილა: ყველა შეჯიბრის მოგებას უნდა ვეცადოთ, რომელშიც ვმონაწილეობთ. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - აღნიშნა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე გავიდა და 1/8 ფინალში „ნაპოლის“ დაუპირისპირდება. ლა ლიგაში კი გუნდი 17 ტურის შემდეგ 35 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „ჟირონას“ 9 ქულით ჩამორჩება. მეორე ადგილზე 42 ქულით მადრიდის „რეალი“ იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები