ბორდო, ზურიკო დავითაშვილი, ალბერტ რიერა
Aa
Aa

პენალტივით რეალური მომენტი ვერ გამოიყენა - რიერა დავითაშვილზე

„ბორდოს'' მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ რიერამ ლიგა 2-ის ზედიზედ მეორე მატჩში ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში არ გაამწესა. მე-18 ტურში „სენტ-ეტიენთან'' დავითაშვილი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო, ქართველი შემტევი აქტიურობდა და ერთხელ კარისკენ სახიფათოდ დაარტყა, როცა მეტოქის მცველებმა უმეთვალყურეოდ დატოვეს, თუმცა დარტყმას სიზუსტე დააკლდა. ასევე უნდა ითქვას, რომ მეკარე ვითარებას აკონტროლებდა.

მატჩის შემდეგ „ბორდოს'' მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ რიერამ გამოუყენებელ მომენტებზე ისაუბრა, მათ შორის ზურიკო დავითაშვილის დარტყმაც აღნიშნა.

ალბერტ რიერა: „ვიდრე ვარჯიშზე თითოეული მოთამაშე 25 გოლს არ გაიტანს, გასახდელში ვერ დაბრუნდება, საჭმელიც არ იქნება. ეს ყველას არ ეხება. გამარჯვებისთვის გოლების გატანაა საჭირო. კარისკენ 20-ჯერ დავარტყით, მაგრამ ზუსტი მხოლოდ 4 იყო. ამას უიღბლობას ვერ დავაბრალებ, სიზუსტე გვაკლია. ეს ეხება ელისისა და ზურიკო დავითაშვილის დარტყმებსაც, პენალტივით რეალური მომენტები ვერ გამოიყენეს, 2 ან 3 გოლი უნდა გაგვეტანა და მოგვეგო.

მნიშვნელოვანია რომ გუნდი გამარჯვებას მოწყურებულია, ეს მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა. თამაშს ვაუმჯობესებთ. თუ ასე გავაგრძელებთ, მეტ გამარჯვებას მოვიპოვებთ’’.

 

ამ სეზონში ზურიკო დავითაშვილმა 18-ვე ტურში ითამაშა, სასტარტოში 14-ჯერ მოხვდა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ქართველი შემტევის უგოლო სერია 9-მატჩიანია. ბოლოს 3 ოქტომბერს „კაენს'' შეუგდო.

ლიგა 2-ის ბოლო სამ ტურში „ბორდოს'' გამარჯვება არ მოუპოვებია, 19 ქულით მე-17 ადგილზეა, გასავარდნ ზონაშია. ჟირონდული კლუბი შემდეგ ტურში „დიუნკერკს'' ესტუმრება (19 დეკემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები