ლუის დე ლა ფუენტე
Aa
Aa

ფუენტე: „შედეგის მიუხედავად საქართველომ წინააღმდეგობა გაგვიწია“

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე შეხვედრა „დინამო არენაზე“ გამართა და ესპანეთს დაუპირისპირდა. ვილი სანიოლის გუნდმა მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ აბსოლუტურად ვერაფერი გააწყო, საშინლად ითამაშა, ანტირეკორდი დაამყარა, 1:7 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ მედიასთან ისაუბრა:

„თამაშის წინ ძნელია შედეგში დარწმუნებული იყო, მით უმეტეს ასეთ დამაჯერებელ გამარჯვებაში, თუმცა რასაკვირველია პირველიდან ბოლო წუთამდე ჩვენი თამაში დამაჯერებელი იყო. ფეხბურთელები მაქსიმალური კონცენტრაციით თამაშობდნენ. ასევე, ჩვენს ამ გამარჯვებას ზურგს დისციპლინა, დიდი შრომა და ამბიცია უმაგრებს, თუმცა მატჩის წინ რთულია იმის თქმა, რომ ამდენად დამაჯერებლად გაიმარჯვებ.

შედეგის მიუხედავად საქართველოს ნაკრებმა წინააღმდეგობა გაგვიწია. ჩვენი ღირებულებები თამაშისადმი ერთგულებასა და კონცენტრაციის შენარჩუნებაში გამოიხატება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრებში წარმატებით ითამაშებს.

ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები ჯგუფში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ჩვენნაირ გუნდთან თამაში ადვილი არაა. დარწმუნებული ვარ, მალე კარგ შედეგებს მიიღებთ, საქართველოს ნაკრები სოლიდური გუნდია''.

ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა 4 მატჩი ჩაატარა, მხოლოდ კვიპროსი დაამარცხა, ნორვეგიასთან შინ ფრედ ითამაშა, შოტლანდიასთან და ესპანეთთან დამარცხდა. სანიოლის გუნდის ანგარიშზე 4 ქულაა, ანალოგიურად ნორვეგიელთა აქტივში 4 ქულაა, კვიპროსი 0 ქულით აუტსაიდერია.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შემდეგ შეხვედრას ნორვეგიასთან სტუმრად ჩაატარებს. შეხვედრა 12 სექტემბერს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები