ლუკა პარკაძე, ადმირა ვაკერი
Aa
Aa

პარკაძემ უნდა შეცვალოს ის, ვისი წასვლაც მძიმედ გადაიტანეს - ავსტრიული მედია

ავსტრიული Laola1-ს „ადმირა ვაკერის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას პრატლმა დაუდასტურა, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ საკუთრებაში მყოფი 18 წლის ლუკა პარკაძე კარიერას მის გუნდში გააგრძელებს. პრატლის თქმით, შეთანხმება სწრაფად შედგა. 

CrystalSport-ის ცნობით, სიტყვიერი შეთანხმება ყველა დეტალზე მიღწეულია და მხოლოდ ფორმალური მხარეა მოსაგვარებელი. ლუკა საიჯარო კონტრაქტს ხელს ხვალ მოაწერს და პირველ გუნდთან ვარჯიშსაც ხვალ ჩაატარებს.

ავტორიტეტული გამოცემა Laola1 ლუკასთან დაკავშირებით წერს: „ლუკამ გარემარბი ანგელო გატერმაიერი უნდა შეცვალოს, მისი წასვლა ქომაგებმა მძიმედ გადაიტანეს''.

გასულ სეზონში ანგელო გატერმაიერმა ავსტრიის რანგით მეორე ლიგის 26 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. სეზონის შემდეგ ვალდჰოფის „მანჰაიმში“ გადავიდა, რომელიც შემდეგ სეზონში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში აღზევებისთვის იბრძოლებს.

„ადმირა ვაკერის“ საშინაო სტადიონის ტევადობა 10 700-ს შეადგენს. მთავარი მწვრთნელი ტომას პრატლია, რომელიც გასულ წლებში კლუბის ასაკობრივ გუნდებს წვრთნიდა, გასული სეზონის შემდეგ კი 32 წლის სპეციალისტი მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. პრატლი UEFA-ს პრო ლიცენზიის მქონე მწვრთნელია, უპირატესობას 4-1-4-1 ფორმაციას ანიჭებს.

გასულ სეზონში რანგით მეორე ლიგაში „ადმირა ვაკერი“ მე-10 ადგილზე გავიდა, თუმცა ტიტულოვანი კლუბია, ავსტრიის ჩემპიონი 9-ჯერ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები