ლუკა გაგნიძე, საბა საზონოვი, მოსკოვის დინამო
Aa
Aa

„მინდა მივწერო და მივულოცო“ - ლიჩკა სვანაძის წარმატებაზე

მოსკოვის „დინამოს“ ჩეხმა მთავარმა მწვრთნელმა მარცელ ლიჩკამ, რომელიც 2014 წელს თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის მიხალ ბილეკის ასისტენტი იყო, რუსულ Sport24-თან საბა საზონოვისა და ლუკა გაგნიძის შესახებ ისაუბრა. აღნიშნულმა მოთამაშეებმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ითამაშეს.

„მათი თამაში ისრაელის წინააღმდეგ ვნახე. სამწუხაროდ, დამარცხდნენ, მაგრამ საბამ მთელი მატჩი ჩაატარა, ლუკა კი თითქმის მთელი შეხვედრა მოედანზე იყო, მატჩის მიწურულს შეცვალეს.

როცა თბილისის „დინამოში“ ვმუშაობდი, რამაზი ჩემი თანამშრომელი იყო. მოხარული ვარ, რომ მისი გაწვრთნილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაში ვნახე. მინდა მივწერო და მივულოცო.

ბიჭებს (გულისხმობს საზონოვსა და გაგნიძეს) დავურეკავ და ვეტყვი, რომ 1 კვირა სახლში დარჩნენ, დაისვენონ. შემდეგ ორშაბათს კლუბში დაბრუნდებიან, სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და მოსამზადებელ ეტაპს დაიწყებენ. ეს 10 ივლისს მოხდება“.

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის 1/4-ფინალში საქართველო-ისრაელის მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრები 3:4 დამარცხდა, ისრაელის ნაკრებმა 4 დარტყმიდან ყველა ანგარიშში ასახა, საქართველოს ნაკრებმა 5 პენალტიდან მხოლოდ 3 შეაგდო.

პენალტების სერია: აზაროვი 1:0, კოენი 1:1, დავითაშვილი 2:1, განდელმანი 2:2, გაგუა 2:2 (მეკარემ აუღო), ჰალაილი 2:3, მოისწრაფიშვილი 3:3, გლუხი 3:4, ხვადაგიანი 3:4 (ბურთი ძელს გაარტყა).

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა და 1/4-ფინალში გავიდა. შესაძლოა, სვანაძის გუნდი ოლიმპიადაზე მოხვდეს, რაც ინგლისისა და საფრანგეთის წარმატებულ თამაშზეა დამოკიდებული.

ინგლისს ოლიმპიადაზე თამაშის უფლება არ აქვს, საფრანგეთი კი ოლიმპიადის მასპინძელია. თუ ნახევარფინალში ერთდროულად საფრანგეთიც გავა და ინგლისიც, ოლიმპიური საგზურისთვის დამატებითი მატჩი მეოთხედფინალში დამარცხებულ საუკეთესო გუნდებს შორის შედგება, მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი საქართველოს ნაკრების თამაში ოლიმპიადაზე.

მეოთხედფინალში საუკეთესო ორი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე დაფიქსირებული შედეგით გამოვლინდება, ოლიმპიადის საგზურისთვის საქართველო უკრაინას შეხვდება. საქართველომ ჯგუფში 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, უკრაინა კი 7 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და ლიდერ ესპანეთს მხოლოდ ბურთების უარესი შეფარდების გამო ჩამორჩა, ესპანეთის ანგარიშზეც 7 ქულა იყო. ესპანეთმა მეოთხედფინალში შვეიცარია 2:1 დაამარცხა. შვეიცარია ჯგუფში 3 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, ასე რომ შვეიცარიის ნაკრები ოლიმპიადისთვის ვერ იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები