გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Corriere della Sera: ინტერის N1 სამიზნე | ფაქტები, რომლებიც მამარდას შესახებ უნდა ვიცოდეთ

ბოლო პერიოდში, იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის „ინტერში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ. გავლენიანი სააგენტოების მტკიცებით, თუ „ნერაძური“ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის მთავარ მეკარეს, ანდრე ონანას გაუშვებს, მათთვის ნომერ პირველი სამიზნე გიორგი მამარდაშვილი იქნება.

შესაბამისად, ახლა ქართველი მეკარის მიმართ იტალიური პრესის მხრიდან დიდი ყურადღებაა გამახვილებული და სხვადასხვა სააგენტოები ცდილობენ, რომ მამარდაშვილის მიმართ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიძიონ, რითაც გულშემატკივრები 22 წლის მეკარის კარგად გაცნობას შეძლებენ.

ერთ-ერთი ბოლო გამოცემა, რომელმაც გიორგის შესახებ დაწერა, ცნობილი Corriere della Sera არის. სააგენტოს ჟურნალისტის, ანდრეა სერენის მიერ მომზადებულ სტატიაში წარმოდგენილია ათამდე ფაქტი, რაც გულშემატკივარმა ქართველი მეკარის შესახებ უნდა იცოდეს.

რა წერია სტატიაში:

ვინ არის გიორგი მამარდაშვილი

ის თითქმის ორი მეტრის სიმაღლისაა, რომელსაც გრძელი მკლავები აქვს და ესპანეთის ლა ლიგის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. გიორგი მამარდაშვილი მხოლოდ 22 წლისაა და ონანას წასვლის შემთხვევაში „ინტერის“ მთავარი სამიზნეა. მოდით გავარკვიოთ მისი საიდუმლოებები.

მამარდა და კვარა, როგორც ჰოლი და ბენჯი

ხვიჩა კვარაცხელია და მამარდა, იგივე გიორგი მამარდაშვილი. ეს სწორედ ის ორი ბიჭია, ვის გამოც საქართველო დიდი საფეხბურთო ენთუზიაზმის მომენტს განიცდის. როდესაც „ნაპოლი“ თამაშობს, კვარას გამო სტადიონზე მრავლად ნახავთ ქართულ დროშებს. თამაშს ესწრებიან თბილისიდან ჩამოსული გულშემატკივრებიც და იმ შემთხვევაში, თუ მამარდაშვილი „ინტერში“ გადავა, მაშინ იტალიის მიმართულებით საქართველოდან ფრენები გაორმაგდება.

გატუზოს გაბრაზება

„ვალენსიაში“, 850 ათას ევროდ მისულმა ქართველმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი სწრაფად მოიპოვა. გასული სეზონის იანვრამდე, მისი მწვრთნელი გატუზო იყო, რომელიც ოქტომბერში მას გაუბრაზდა. რატომ? „ელჩესთან“ დაშვებული შეცდომის შემდეგ, მამარდაშვილი მასთან მივიდა ბოდიში მოუხადა. გატუზო ამ ეპიზოდზე იძახდა: „თამაშის შემდეგ, მამარდა მოვიდა და ბოდიში მოიხადა. ძალიან გავუბრაზდი. ვუთხარი - რატომ, რის გამო იხდი ბოდიშს? ეს მეორედ აღარ გაიმეორო, რადგან არაერთხელ გადაგვარჩინე, დაივიწყე ეს ეპიზოდი“.

განახლებული კონტრაქტი და 100-მილიონიანი პუნქტი

გასული წლის 22 სექტემბერს, მამარდაშვილმა „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, რომლის მიხედვითაც, გამოსასყიდი პუნქტი 100 მილიონი ევრო იქნება. „ინტერი“ იმედოვნებს, რომ ქართველ მეკარეს დაახლოებით 30 მილიონ ევროდ შეიძენს.

მოდელი შეყვარებული

მამარდაშვილი უკვე რამდენიმე წელია ხვდება გოგონას, სახელად ელენეს, რომელიც სოციალურ ქსელებში დადებული სურათებით მისი შეყვარებული ჩანს. ის ქართველია და თავის ქვეყანაში წარმატებული მოდელია.

რასიზმის სკანდალი და ვინისიუსთან ჩხუბი

ლა ლიგის 36-ე ტურმა, „ვალენსიასა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩის მიმდინარეობისას, მასპინძელი გუნდის გულშემატკივრების მიერ, „ბლანკოსის“ შემტევის, ვინისიუს ჟუნიორის მიმართ რასისტულმა შეძახილებმა მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა. შეხვედრის ბოლოს, ბრაზილიელი ფეხბურთელი კომერტთან დაპირისპირების გამო მოედნიდან გააძევეს, გაძევებამდე კი ფეხბურთელებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას და ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი, მამარდაშვილმა კი თანაგუნდელი დაიცვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველ მეკარეს სოციალურ ქსელში თავს დაესხნენ და ვინისიუსის შეურაცხყოფას აბრალებდნენ. ამის გამო, მამარდაშვილს განმარტების გაკეთება მოუწია და განაცხადა, რომ მან მხოლოდ თანაგუნდელის დაცვა სცადა, რასიზმის წინააღმდეგ კი მისი პოზიცია მხოლოდ ბრაზილიელის სასარგებლოდ იყო. კვარას თანამემამულის დაცვა მოუწია და სოციალურ ქსელში დაწერა: „მას ბავშვობიდან ვიცნობ და ცოტამ თუ იცის ჩემზე უკეთ, რისი გაკეთება შეუძლია მოედანზე თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და საუკეთესო მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელის დაცვას ცდილობდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის და რასისტების წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენთან ერთად ვართ“.

ევროპული ოცნება და ახლა იტალია

ჯერ კიდევ მაშინ, როცა მამარდაშვილი საქართველოში თამაშობდა, მაშინ ამბობდა: „ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატები მიყვარს. რომელი გუნდები მომწონს? პირველ რიგში ორს გამოვყოფ: „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „რომას“.

მისი კერპები: ფავორიტი ნოიერი

ქართველ მეკარეს ნათქვამი აქვს: „ოთხი მეკარე მიყვარს: პირველი - ნოიერი, რომელიც ჩემი ფავორიტია, შემდეგ ალისონი, ბუფონი და კურტუა“. საგულისხმოა, რომ ამ უკანასკნელის წინააღმდეგ მამარდაშვილმა რამდენჯერმე ითამაშა.

მეკარეების თაობა

მამარდაშვილების გვარი საქართველოში სახელგანთქმულია. გიორგის მისმა მამამ, დავითმა ასწავლა, თუ რა უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ნომერი გამხდარიყო. მამარდაშვილი მასთან ვარჯიშობა, თავისუფალ დროს კი თავის შვილს ბევრ რჩევას აძლევდა.

ამ სტატიიდანაც ვიგებთ, რომ მამარდაშვილის მიმართ „ინტერის“ ინტერესი სერიოზულია და დიდი შანსია, რომ მომავალი სეზონიდან ქართველი მეკარე იტალიის ჩემპიონატში ვიხილოთ. გიორგი მამარდაშვილი ახლა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება და ნიდერლანდებთან უახლოესი თამაშისთვის ემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ვალენსიას წყევლას არღვევს“ - MARCA-ს სტატია მამარდაშვილზე
“ვალენსიას წყევლას არღვევს“ - MARCA-ს სტატია მამარდაშვილზე