ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

„ქართველი ტერმინატორები: ზურიკო და გიო - 2 მატჩი 18 საათში“

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების პორტუგალიასთან გამარჯვებამ ევროპულ პრესაში დიდი გამოხმაურება პოვა. გამონაკლისი არც რუსული პრესა იყო.

ცნობილი გამოცემა sports.ru ზურიკო დავითაშვილისა და გიორგი გოჩოლეიშვილის ფიზმომზადებას ხაზს უსვამს და ორ დღეში მათ მიერ დაფიქსირებულ სამაგალითო გამძლეობასა და პროფესიონალიზმზე წერს:

„ვინმე მართლა თვლიდა, რომ მასპინძელი საქართველო ტურნირის აუტსაიდერი იყო? ხვიჩას გარეშეც, რომელმაც გადამღლელი სეზონის შემდეგ ტურნირზე გამოსვლაზე უარი თქვა, 21-წლამდელებმა პორტუგალიასთან მოულოდნელი გამარჯვებით დაიწყეს.

2:0 - გოლები რეალ იუნიონის (ესპანეთის მესამე ლიგა) ფორვარდმა გიორგი გაგუამ და მოსკოვის დინამოელმა საბა საზონოვმა გაიტანეს, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ფეხბურთელთა სხვა წყვილს დაეთმო - ბოლო ნახევარ საათში მოედანზე ზურიკო დავითაშვილი და გიორგი გოჩოლეიშვილი გამოვიდნენ.

ეს მათი მეორე მატჩია ორ დღეში!

სამშაბათს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შოტლანდიასთან 0:2 დათმო. ოთხშაბათს კი ისინი უკვე სამშობლოში იყვნენ და პორტუგალიის ახალგაზრდულ გუნდთან ნახევარი საათიც ითამაშეს!

თამაშებს შორის 18 საათიც არ გასულა: გლაზგოში ფინალური სასტვენი საქართველოში ღამის ორ საათზე გაისმა, პორტუგალიასთან თამაში კი 20:00-ზე დაიწყო. ასე იმოგზაურეს მოთამაშეებმა ევროპის მასშტაბით: გლაზგოდან თბილისში ჩარტერით ფრენას 6 საათი სჭირდება. ჩვეულებრივ ადამიანებს კი საერთოდაც თორმეტი საათი სჭირდებათ, ყველაზე მოსახერხებელია ანტალიაში გადაჯდომა.

მესამე ასეთი მოთამაშე შეიძლება ყოფილიყო ხვიჩა - მაგრამ მან გადატვირთული სეზონის შემდეგ დასვენება გადაწყვიტა.

სხვათა შორის, უკრაინის ნაკრებიდან გეორგი სუდაკოვმა და ანატოლი ტრუბინმა დავითაშვილისა და გოჩოლეიშვილის მიღწევა კინაღამ გაიმეორეს: ორშაბათს მალტასთან სრული მატჩი ითამაშეს, ოთხშაბათს კი ხორვატებთან ტრუბინი სასტარტოში იყო, სუდაკოვმა ბოლო 7 წუთი ითამაშა“.

- წერს რუსული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში საქართველოს ნაკრები 3 ქულით ლიდერია. ბელგიამ და ნიდერლანდებმა ფრედ 0:0 ითამაშეს და მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ. მომდევნო შეხვედრას რამაზ სვანაძის გუნდი 24 ივნისს (20:00) ბელგიასთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაუგებარია VAR-ი რატომ არაა“ - ნუნუ ტავარეში გაგუას გოლის ეპიზოდზე
„გაუგებარია VAR-ი რატომ არაა“ - ნუნუ ტავარეში გაგუას გოლის ეპიზოდზე