ზინჩენკო: „რუსები ცდილობენ, შიშში გვაცხოვრონ, საშინელი ისტორიები მოვისმინე“
Aa
Aa

ზინჩენკო: „რუსები ცდილობენ, შიშში გვაცხოვრონ, საშინელი ისტორიები მოვისმინე“

საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ, „არსენალის“ უკრაინელი უკანახაზელი, ოლექსანდრ ზინჩენკო 1 კვირით სამშობლოში დაბრუნდა. რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ, ზინჩენკო უკრაინაში პირველად ჩავიდა და ნანახის შემდეგ, ემოციების შეკავება ძალიან გაუჭირდა.

„ერთი კვირის განმავლობაში, უკრაინაში, ასეთ კონდიციებში ცხოვრება, ძალიან საშიში იყო. ნამდვილი საოცრებაა უკრაინელები ამ რუტინას რომ შეეჩვივნენ და ცხოვრებას განაგრძობენ. ამ მომენტისთვის, რუსეთის არმია ბომბებსა და რაკეტებს ღამის საათებში უშვებს. 1-დან 5 საათამდე ინტერვალში გვბომბავენ და ცდილობენ, ამით უკრაინელები შიშში აცხოვრონ.

წარმოიდგინეთ, რა შეგრძნებაა, როცა დაძინებას თქვენს შვილებთან ერთად ცდილობთ და სირენის ხმა გესმით. უნდა ადგეთ, მიწისქვეშა ბუნკერში ჩახვიდეთ და ბომბებს დაემალოთ. თუ ასე არ გააკეთეთ, სერიოზულ რისკზე მიდიხართ და არასდროს იცით, ბომბი ან რაკეტა რას შეიძლება მოხვდეს. რამდენიმე დღის წინ, რუსეთმა კაშხალი გაანადგურა და ამ ტრაგედიის შემდეგ, ისეთი ისტორიები მოვისმინე, მათი გახსენებაც არ მინდა. ყველაზე საშინელი ამბავი ქალს უკავშირდება, რომელიც წყალს თავის პატარა შვილებთან ერთად ემალებოდა, რომლებიც რამდენიმე თვის წინ შეეძინა. ერთ-ერთი სახლის სახურავზე იმყოფებოდა და გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც მისთვის, ისე მისი შვილებისთვის ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა.

ვნახე, სკოლებს რა ზიანი მიაყენეს და ვესაუბრე ბავშვებს, რომლებიც იმ სკოლებში სწავლობდნენ. რამდენიმე მათგანმა რუსი ჯარისკაცები საკუთარ სახლში იხილა და ისეთი ისტორიები გამიზიარეს, მათი გახსენებაც არ მინდა. შოკში ვიყავი, რადგან ბავშვები არასდროს იტყუებიან. ფეხბურთზე თუ ვისაუბრებთ, რუსი ფეხბურთელებისგან აბსოლუტურად არაფერი გამიგია და მათ ხმა არ ამოუღიათ. პირობას ვდებ, რომ თუ ჩემი ქვეყანა აგრესორი გახდება და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრება, პირველი, ვინც ამაზე ხმას ამოიღებს, მე ვიქნები და თუ ასე მოხდა, სამშობლოში არასდროს ჩავალ“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინას ომი 2022 წლის 24 თებერვალს გამოუცხადა. რუსეთის შეჭრამ გამოიწვია ევროპის უდიდესი დევნილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 6.4 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა და უკრაინის მოსახლეობის მესამედი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი მსურველი გამოუჩნდა | მამარდაშვილი იტალიური გრანდის რადარზე
ახალი მსურველი გამოუჩნდა | მამარდაშვილი იტალიური გრანდის რადარზე