ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

გოლი და საგოლე პასი - დავითაშვილმა ლავალთან ბრწყინვალედ ითამაშა

საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში „ბორდომ“ შინ „ლავალი“ 3:0 დაამარცხა.

ჟირონდელთა სასტარტოში ზურიკო დავითაშვილმა ითამაშა, ქართველმა გარემარბმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. 32-ე წუთზე მეტოქის მცველი ოსტატურად ჩამოიშორა და ლამაზი დარტყმით შორეულ კუთხეში შეაგდო.

პირველი ტაიმი „ბორდომ“ 2:0 მოიგო, თუმცა ტაიმის მიწურულს ჟირონდელებმა ორი პენალტი ვერ გამოიყენეს.

49-ე წუთზე დავითაშვილმა სტანდარტული დარტყმა შეასრულა, მეტოქის საჯარიმოში „მოჭრილი“ დარტყმით ჩააწოდა და სტიან გრეგერსენმა თავური დარტყმით შეაგდო.

ზურიკო დავითაშვილი 86-ე წუთზე შეცვალეს, მინდორი აპლოდისმენტების თანხლებით დატოვა.

Sofascore-მა დავითაშვილს 8,1 დაუწერა. ორივე გუნდის მოთამაშეთაგან ქართველზე მაღალი შეფასება მხოლოდ სტიან გრეგერსენმა მიიღო (8,7). დავითაშვილმა 16 პასი შეასრულა, 13 ზუსტი იყო (86 პროცენტი). მის აქტივში 2 საკვანძო გადაცემაა. მინდორზე 15 დუელიდან 7 მოიგო, მეორე სართულზე 4 ორთაბრძოლიდან ორში გამარჯვებული იყო. დრიბლინგის სამი მცდელობიდან წარმატებული 2 გამოვიდა.

დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

36 ტურში „ბორდომ“ 69 ქულა დააგროვა და მესამეადგილოსან „მეცს“ 4 ქულით უსწრებს. მიმდინარე ტურში „მეცი“ „გენგამს“ ესტუმრება, გამარჯვების შემთხვევაში „ბორდოსთან“ სხვაობას 1 ქულამდე შეამცირებს. ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტური რჩება, ლიგა 1-ში მხოლოდ საუკეთესო ორი გუნდი აღზევდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები