ჩემპიონთა ლიგა, ლაიპციგი
Aa
Aa

უცნობი ადამიანისთვის ნაჩუქარი სიცოცხლე | ლაიპციგის ჩრდილში მყოფი კაპიტანი

საფეხბურთო სამყარო გამორჩეულად კარგ ისტორიებს ინახავს. ამბავი, რომელიც გერმანული ლაიპციგის კაპიტანზეა, აუცილებლად ერთ-ერთი მათგანი გახდება. 

ნაკლებად პოპულარული ვილი ორბანი 30 წლისაა და ლაიპციგში 2015 წლიდან თამაშობს. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში კაპიტანს ყველა შეხვედრა სრულად ჰქონდა ჩატარებული, უნიონთან მატჩამდე... ამბავი ასეთია: ორმაგი მოქალაქეობის (გერმანულ-უნგრული) მქონე ფეხბურთელმა პაციენტისთვის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის გადაწყვეტილება მიიღო და სისხლის კიბოთი დაავადებული, უცნობი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ვილიმ ვარჯიში ოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე შეწყვიტა და პროცედურის წინ, ღეროვანი უჯრედების გასაძლიერებლად, ყველა საჭირო ინექცია გაიკეთა. ოპერაცია გერმანიის ქალაქ დრეზდენში შედგა.

როდესაც გავიგე, რომ ერთადერთი ვარ, ვისაც დონაცია შეეძლო, არც მიფიქრია. მსურდა, ეს რაც შეიძლება მალე გამეკეთებინა".

ფეხბურთელმა განმარტა, რომ მოხარული იქნება, თუ ამ ნაბიჯს სხვა ადამიანებიც გადადგამენ, რადგან გაღებული ძალისხმევა შედეგზე უმნიშვნელოა:

ფეხბურთი მიყვარს და ამას სულ გავიმეორებ, თუმცა ამ შემთხვევაში, სპორტული ინტერესი მეორეხარისხოვანია. ჩემს გუნდში იციან, რომ მაქსიმალურ მობილიზაციას შევძლებ, რათა მოედანს ძველებური ფიზიკური კონდიციებით დავუბრუნდე. მოვუწოდებ ყველას, რომ დონორები გახდნენ, რათა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ.

ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ადამიანის დაზიანებულ სისხლის უჯრედებს ჯანსაღი უჯრედებით ცვლის და შესაძლოა, გამოყენებული იყოს ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ლეიკემია და ლიმფომა.

ორბანი გერმანიის ძვლის ტვინის დონორთა ორგანიზაციაში ჯერ კიდევ 2017 წელს დარეგისტრირდა, როდესაც ლაიფციგმა  კამპანია სწორედ აღნიშნულ საკითხზე წამოიწყო.

სრული რეაბილიტაციისთვის ვილის 2 კვირა დასჭირდა და მოედანს ჩემპიონთა ლიგაზე, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ, უმნიშვნელოვანეს მატჩში დაუბრუნდა.

გერმანიაში დაბადებული, უნგრული პასპორტის მქონე ფეხბურთელმა უნგრეთის საფეხბურთო ნაკრების მაისურით სადებიუტო მატჩი 2018 წელს ჩაატარა, ამ დრომდე კი 37 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. აღნიშნულის მთავარი მიზეზი მამამისია, თუმცა სანაკრებო შეხვედრებისგან განსხვავებით, მისი მთელი ცხოვრება და საკლუბო კარიერა, მხოლოდ გერმანიას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ქართველი ბავშვი გიჟია“ - უცხოელი ქომაგები კვარაცხელიაზე
„ეს ქართველი ბავშვი გიჟია“ - უცხოელი ქომაგები კვარაცხელიაზე