სიმონე ინძაგი, სტეფანო პიოლი, იტალიის სუპერთასი
Aa
Aa

„ფსიქოლოგიურად რთულ მდგომარეობაში ვართ“ - რა ითქვა „მადონინას“ შემდეგ

იტალიის სუპერთასზე გულშემატკივარმა მილანური დერბი იხილა. საუდის არაბეთში, ელ რიადის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ მატჩში „ინტერი“ „მილანს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა.

გუშინდელ მატჩში, „ნერაძურიმ“ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. ანგარიში მე-10 წუთზე დიმარკომ გახსნა, 22-ე წუთზე კი ჯეკომ „ინტერის“ უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა. მეორე ნახევარში სიმონე ინძაგის გუნდმა „როსონერის“ კარში მესამე გოლიც გაიტანა, თავი ამჯერად ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განვლილი მატჩი შეაფასა.

სტეფანო პიოლი:

პირველ ტაიმში ჩვენს დავალებას თავი ვერ გავართვით. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და თავი რთულ სიტუაციაში ჩავიგდეთ, რომლის შეცვლაც უკვე შეუძლებელი გახდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ვეცადეთ, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შემოგვეტრიალებინა, მაგრამ რაც დავიმსახურეთ, ის მივიღეთ.

მსგავს შეცდომებს მიჩვეულები არ ვართ. ისეთ მეტოქესთან, როგორიც „ინტერია“ ასეთი შეცდომების დაშვება მიუღებელია და ზარალიც შესაბამისია. ახლა, ფსიქოლოგიურად საუკეთესო კონდიციებში ნამდვილად არ ვართ, სასწრაფოდ გვჭირდება გაუმჯობესება. წინსვლის ერთადერთი გზა სწორად მუშაობაა.

მარცხი ნამდვილად მტკივნეულია, რადგან თასის მოგება გვინდოდა. მაგრამ სეზონი გრძელდება, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ იმ თამაშს, რომელიც ვიცით.

სიმონე ინძაგი:

ბიჭებმა შესანიშნავი ხასიათი აჩვენეს. შეტევაში ეფექტურად თამაშობდნენ, დაცვაში კი საიმედოდ. ამ სეზონში ჩვენი პირველი მიზანი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლა იყო, მეორე კი ამ თასის მოგება, ასე რომ როგორც მწვრთნელი, ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ გამარჯვებით უნდა ვისიამოვნოთ, რადგან როცა „მილანს“ ასე აჯობებ, ეს ნამდვილად შესანიშნავია.

ამ შეხვედრას დამატებით პიკანტურობას ანიჭებდა ისიც, რომ დერბის გარდა ეს ფინალური მატჩიც იყო. ძალიან ვამაყობ ბიჭებით და ჩემი სტაფით. ბოლო პერიოდში წარმოუდგენელი მიღწევები გვაქვს და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ.

დღეს გამოცდილი მეტოქე დავამარცხეთ და წარმატებასაც სამართლიანად ვზეიმობთ, ხვალიდან კი შეგვიძლია მომავალ მატჩებზე დავიწყოთ ფიქრი.

ცნობისთვის, „ინტერმა“ ისტორიის განმავლობაში მეშვიდედ შეძლო იტალიის სუპერთასის მოგება, სიმონე ინძაგისთვის კი ეს მეექვსე მილანური ტიტული იყო. საგულისხმოა, რომ ამ 6 ტიტულიდან 46 წლის სპეციალისტმა ოთხჯერ სწორედ იტალიის სუპერთასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები