ირანში პროტესტი გრძელდება - ფეხბურთელს სიკვდილი მიუსაჯეს
Aa
Aa

ირანში პროტესტი გრძელდება - ფეხბურთელს სიკვდილი მიუსაჯეს

ირანელ ფეხბურთელს, 26 წლის ამი ნასრ-აზადანის სიკვდილი მიუსაჯეს. BBC Persia-ს ინფორმაციით, რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტში აქტიურად მონაწილეობდა. გასულ თვეში, 27 ნოემბერს, ფეხბურთელი სამართალდამცველებმა დააკავეს, რის შემდეგაც სპორტსმენის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება მიიღეს.

წარსულში ცნობილი ირანელი ფეხბურთელები, ალი კარიმი და მეჰდი მაჰდავიკია ამი ნასრ-აზადანის გათავისუფლებას ითხოვენ, თუმცა რეჟიმი პოზიციას არ იცვლის.

მმართველობის წინააღმდეგ მიმართული მიმდინარე პროტესტი ირანში ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაკავებას, ცემასა და შემდგომ გარდაცვალებას მოჰყვა.

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში ირანის ნაკრების ფეხბურთელებმა ქვეყნის ჰიმნი არ შეასრულეს. ირანის ნაკრების 11-ვე მოთამაშე მდუმარე მდგომარეობაში იყო, მათ ჰიმნი არ იმღერეს, რაც ირანში მიმდინარე პროტესტის მხარდაჭერას ნიშნავს. ირანის ნაკრების ფეხბურთელები ქვეყნის მთავრობის მიმართ გამოხატულ პროტესტს ემხრობიან.

შეგახსენებთ, მუნდიალის მიმდინარეობისას ირანის ნაკრების ფეხბურთელების ნათესავებს წამებითა და ციხეში ჩასმით დაემუქრნენ. ამ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა, CNN-ი ავრცელებდა და წერდა, რომ თუ აშშ-სთან მატჩამდე, მოთამაშეები „არასწორად“ მოიქცეოდნენ, სასჯელს მათი ნათესავები მიიღებდნენ. CNN-ი დასძენდა, რომ ირანის ნაკრების მოთამაშეები ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ოფიცრების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. მათ ეროვნული გუნდის რიგების დატოვება და უცხოელებთან შეხვედრა აკრძალული ჰქონდათ. გარდა ამისა, წყაროს ინფორმაციით დაკვირვების ქვეშ ირანელი გულშემატკივრებიც იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები