“ძლიერი ვარ, მშვიდად იყავით“ - პელემ გულშემატკივრებს მიმართა
გუშინ ცნობილი გახდა, რომ პელეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში პალიატიური მკურნალობა სჭირდება. ამ ფაქტმა მისი გულშემატკივრები საკმაოდ აანერვიულა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე განცხადება გააკეთა.
რას წერს პელე?
„ჩემო მეგობრებო, მინდა, რომ ყველა სიმშვიდე და პოზიტიურობა შეინარჩუნოთ. მე ძლიერი ვარ! მაქვს დიდი იმედი და ჩვეულებისამებრ მივყვები მკურნალობის კურსს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მთელ სამედიცინო გუნდს იმ მზრუნველობისთვის, რომელიც მე მივიღე.
მე ძალიან მჯერა ღმერთის. ყველა ის სიყვარულით გამოგზავნილი შეტყობინება, რომლებსაც თქვენგან ვიღებ ენერგიით მავსებს. მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის მატჩებს უყურეთ.“
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ პელეს ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც კიბო მკურნალობას აღარ დაექვემდებარა. რამდენიმე დღის წინ, ყოფილი ფეხბურთელი აინშტაინის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. 3 გზის მსოფლიოს ჩემპიონის მდგომარეობა თავდაპირველად ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ექიმების დროული და ეფექტური ჩარევის შედეგად, მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.
მიუხედავად ამისა, პელეს რესპირატორული ინფექცია აქვს და როგორც უკვე მოგახსენეთ, მას სიცოცხლის ბოლომდე პალიატიური მკურნალობა ესაჭიროება.
რას ნიშნავს პალიატიური მკურნალობა?
პალიატიური მკურნალობა - ეს არის ქრონიკული, უკურნებელი დაავადების მქონე პაციენტზე ორიენტირებული მულტიდისციპლინური მზრუნველობა. მასში ჩართულია ყველა იმ დარგის სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია, პაციენტს გაუწიოს შესაბამისი დახმარება, რათა ის სიცოცხლის ბოლომდე საზოგადოების სრულყოფილ წევრად დარჩეს. პალიატიური მზრუნველობის მულტიდისციპლინურ გუნდში შედიან როგორც სამედიცინო პერსონალი, ისე არასამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც: ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, სასულიერო პირები და სხვა.
პალიატიური მზრუნველობა უზრუნველყოფს ღირსეულ, უტანჯველ სიცოცხლეს. მისი მიზანია, აამაღლოს ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტის და მასზე მზრუნველი პირების ცხოვრების ხარისხი.