ლევან კობიაშვილი, საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გარე ფაქტორმა გუნდურობაზე გავლენა ვერ მოახდინოს“

ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერის საპასუხოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„საქართველოს ნაკრები ჩემთვის როგორც მისი გულშემატკივრისთვის, შემდეგ უკვე გუნდის წევრისთვის და ახლა როგორც პასუხისმგებელი პირისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო. ეს არის გუნდი, რომელსაც ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდი აქვს. გუნდი, რომელიც არის ერთიანი. გუნდი, რომელიც მუდმივ განვითარებაზე მუშაობს და ასე ახლოს არის წარმატებასთან. ფეხბურთის ფედერაცია და პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვერანაირმა გარეშე ფაქტორმა ნაკრების გუნდურობაზე და ერთიანობაზე გავლენა ვერ მოახდინოს. წარმატებები ჩვენ ნაკრებს და გუნდის თითოეულ წევრს“.

შეგახსენებთ, „შაბათის ფორმულამ“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი, რომელშიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს სიცოცხლის მოსპობით და ცემით ემუქრებიან. მუქარის შემცველი შეტყობინებიდან ვიგებთ ვაკო ყაზაიშვილის ცოლის ძმის, ნოდარ ნიშნიანიძის გაბრაზების მიზეზს. ის ეჭვობს, რომ ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ,  სწორედ ნიშნიანიძესთან ნათესაური კავშირის გამო ვერ მოხვდა. ზარის ავტორი ადრესატს, საქართველოს ნაკრების ტექნიკურ დირექტორს, ლადო დვალიშვილს ეუბნება, რომ არასამართლიანად ნათესავი ფეხბურთელის დასჯის გამო პასუხს ყველას მოსთხოვს. ფეხბურთელებსა და ფედერაციას რომ ემუქრებიან იცის გუნდის კაპიტანმა გურამ კაშაიამაც. საქმის კურსშია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. ნოდარ ნიშნიანიძე სწორედ ფედერაციის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს იმაში, რომ ვაკო ყაზაიშვილს უსამართლოდ ჩაგრავენ, მას სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშებენ და ცვლილებაზეც არ გამოჰყავთ.

როგორც „ფორმულას“ ვებგვერდზე ვკითხულობთ, ჩანაწერში ნიშნიანიძე ამბობს, რომ პასუხს ყველას მოსთხოვს, ევროპაში ჩასვლის შემთხვევაში ყველას იპოვიან ის და ლაშა სიხარულიძე, მეტსახელად სუხო ნაკრებს "გაანახევრებენ". ნოდარ ნიშნიანიძესთან ერთად წითელი ცირკულარით ეძებენ ლაშა სიხარულიძესაც. უკრაინის ძალოვანი უწყება მათ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის ირაკლი მალანიას მკვლელობისთვის ეძებს.

ამ თემაზე სფფ-ის ოფიციალურმა ვებგვერდმაც გაავრცელა განცხადება:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. უპირველესად, გვინდა, მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია და აღვნიშნოთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უპირველესია, ვგმობთ და ვემიჯნებით ყველა სახის ძალადობას, რაც არაერთხელ დაგვიფიქსირებია.

მსგავს სიტუაციაში, თითოეული ადამიანის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, დაუყონებლივ იმოქმედოს კანონის შესაბამისად. 

ჩვენთვის თითოეული მოთამაშის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უმთავრეს პრიორიტერს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ ვაცნობეთ შესაბამის ორგანოს რეაგირებისთვის. ფეხბურთის ფედერაცია, თავის მხრივ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ვუზრუნველყოთ ჩვენი გუნდის უსაფრთხოება, შევქმნათ მათთვის შესაბამისი გარემო და ხელი შევუწყოთ ეროვნული ნაკრების წარმატებას. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარეშე ფაქტორებმა ზეგავლენა არ მოახდინოს გუნდის ერთიანობასა და წარმატებაზე“.

გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის შემდეგ ვაკო ყაზაიშვილმა განცხადება გაავრცელა:

„პირველ რიგში ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია. ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. ყველამ, ვინც დღეს, ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს იცის რამდენი შრომა ჩავდე ჩემი კარიერის შენებაში. პირველად ნაკრებში 9 წლის წინ გამომიძახეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში. ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი. ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს იცის რომ ჩემს მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომის და ფეხბურთის სიყვარულის გარდა. ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის. ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება“.

ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი მედიასაშუალების საინფორმაციო გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც საუბარი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილებს ეხებოდა, გამოძიება დაიწყო.

წარსულში ნასამართლევი პირის - ნ.ნ.-ის მიერ განხორციელებული, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს“.

- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვგმობთ და ვემიჯნებით ყველა სახის ძალადობას“ - სფფ-ის განცხადება
„ვგმობთ და ვემიჯნებით ყველა სახის ძალადობას“ - სფფ-ის განცხადება