მილანი VS ნაპოლი - მატჩის წინ
იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. აღნიშნული მატჩი ქართველი გულშემატკივრებისთვისაც დიდ ყურადღებას იწვევს. „ნაპოლი“ მოქმედ ჩემპიონს „მილანს“ ესტუმრება. შეხვედრის წინ, CrystalSport ყველა საჭირო და საინტერესო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.
„ნაპოლი“
სპალეტის გუნდისთვის სეზონი შესანიშნავად დაიწყო. „ნაპოლიმ“ სერია ა-ში 6 მატჩიდან 4 მოიგო, ხოლო 2 ფრედ დაასრულა. უკანასკნელ ტურში, „პარტენოპეიმ“ „სპეციას“ უმასპინძლა და რასპადორის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.
„ნაპოლის“ წარმატებული სტარტი ჩემპიონთა ლიგაზეც აქვს. პირველ ტურში სპალეტის შეგირდებმა „ლივერპული“ 4:1 გაანადგურეს, ხოლო შემდეგ, „რეინჯერსი“ არ დაინდეს 3:0 მოუგეს. აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც 8 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. „რეინჯერსის“ წინააღმდეგ კი პენალტი მოიპოვა.
დანაკლისი:
მიმდინარე სეზონში, ნეაპოლელთა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გაუთავებელი ტრავმებია. პირველ რიგში გუნდს ვიქტორ ოსიმენი ვერ ეხმარება. „მილანთან“ განაცხადში ასევე ზედადკა და დემე ვერ მოხვდებიან.
რა თქვა სპალეტიმ მატჩის წინ?
„ორივე გუნდი კარგ ფორმაში იმყოფება. რთულია თქმა, თუ რომელია ამჟამად უფრო უკეთეს სიტუაციაში. ალბათ საუკეთესოს 90 წუთი გამოავლენს. „ნაპოლი“ და „მილანი“ ერთმანეთს სწორი ბალანსით და გამარჯვების წყურვილით გვანან. ჯერჯერობით ძირითად შემადგენლობაზე ვერაფერს გეტყვით. არ იქნება სამართლიანი, რომ ფეხბურთელებმა იცოდნენ ვინ ითამაშებს და ვინ არა.
სტეფანო პიოლიმ კარგი გუნდი ააშენა. ამას წლების განმავლობაში ცდილობდა და შედეგიც სახეზეა. ვფიქრობ, „მილანისთვის“ ეს სეზონი უფრო რთული იქნება. მიხარია, რომ რობერტო მანჩინიმ ეროვნულ ნაკრებში ჩემი ფეხბურთელები გამოიძახა. ამას ყოველთვის მივესალმები. გამარჯვებისთვის ბევრად ძლიერები უნდა ვიყოთ. „როსონერის“ გარკვეული უპირატესობა აქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ.
„მილანი“ დაკარგულ ბურთზე მყისიერ რეაქციას ავლენს და დაბრუნებისთვის მაქსიმუმს აკეთებს. პიოლის ფეხბურთელები სივრცეებს იდეალურად იყენებენ და ჩემს მცველებს ბევრი შრომა მოუწევთ. „ნაპოლი“ ოსიმენზე დამოკიდებული არასდროს ყოფილა. ჩვენ სხვა ძალიან კარგი ფეხბურთელებიც გვყავს.“

„მილანი“
შეიძლება ითქვას, სერია ა-ს მოქმედმა ჩემპიონმა სეზონი ნორმალურად დაიწყო. ჩატარებული 6 ტურიდან „მილანმა“ მსგავსად „ნაპოლისა“ 4 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. უკანასკნელ ტურში, პიოლის შეგირდები „სამპდორიას“ ესტუმრნენ და 2:1 გაიმარჯვეს. „როსონერის“ მხრიდან გოლები მესიასმა და ჟირუმ გაიტანეს.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, „მილანმა“ ორი ტურის შემდეგ 4 ქულა დააგროვა. „როსონერიმ“ პირველ ტურში „ზალცბურგს“ ვერ მოუგო(1:1), ხოლო წინა ტურში „დინამო“ ზაგრებს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
დანაკლისი:
ამ მხრივ პიოლის პრობლემები აქვს. „ნაპოლის“ წინააღმდეგ რაფაელ ლეაო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი და დივოკ ორიჯი არ იქნებიან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კრუნიჩის და რებიჩის თამაშიც.
რა თქვა პიოლიმ მატჩის წინ?
„“სან სიროზე“ თამაშს დიდი ეფექტი აქვს. გულშემატკივარი მე-12 ფეხბურთელია. მათი იმედი სულ მაქვს და გამონაკლისს არც ახლა ველოდები. „ნაპოლის“ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი და უაღრესად გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს. ჩვენმა მოწინააღმდეგემ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და ხვალ ორივე გუნდს თავისი გეგმა ექნება. „პარტენოპეი“ კარგად ორგანიზებული და ტექნიკური გუნდია, რომელიც გამუდმებით გამარჯვებისთვის იბრძვის.
ვფიქრობ, შესაძლოა ეს საჩემპიონო მატჩი იყოს. სეზონის ბოლოს, გუნდები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იქნებიან და შესაძლოა სამმა ქულამ დიდი სხვაობა მოგვცეს. რა თქმა უნდა, წინ ბევრი თამაში დარჩა, მაგრამ ჩვენი მენტალიტეტი მოითხოვს, რომ ყველა შეხვედრას ისე მივუდგეთ, თითქოს აქ გამარჯვება ჩემპიონობას ნიშნავს. სპალეტის კარგად ვიცნობ. ის თავის ყველა გუნდს საკუთარ იდენტობას სძენს. გამონაკლისი არც „ნაპოლია.“

„მილანი“ VS „ნაპოლი“ გასულ სეზონში
2021/2022 წლების სეზონში, „მილანი“ და „ნაპოლი“ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე მატჩი იდენტური ანგარიშით დამთავრდა. პირველი წრის შეხვედრა მილანში გაიმართა და „პარტენოპეიმ“ ელმასის ერთადერთი გოლით მოიგო, ხოლო განმეორებითი მატჩი, რომელიც ნეაპოლში ჩატარდა უკვე „როსონერიმ“ მოიგო 1:0. თავი ოლივიე ჟირუმ გამოიჩინა.
ცნობისთვის, ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 18 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.