გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

გატუზო, ახალი კონტრაქტი და მიზნები - მამარდაშვილის ვრცელი ინტერვიუ

„ვალენსიას“ ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი მამარდაშვილმა Plaza Deportiva-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

„წინასასეზონო ეტაპი როგორ მიდის“?

„თავდაუზოგავად ვმუშაობთ. ერთი თამაში დაგვრჩა ჩასატარებელი, რომელსაც შტუტგარტის წინააღმდეგ გავმართავთ და ძალიან გვინდა, რომ გავიმარჯვოთ“.

„მოდით, ყველაფერი შევაჯამოთ. როგორი იყო აქ ჩამოსვლა“?

„ვალენსიაში გადმოსვლისას მესამე მეკარის სტატუსი მქონდა, მაგრამ ნელ-ნელა, თავდაუზოგავი შრომით, მიზანს მივაღწიე“.

„რა იფიქრე, როცა ვალენსიამ დაგირეკა“?

„ვალენსიას შესახებ ინფორმაცია მქონდა და მის ისტორიას ვიცნობდი. როცა მამაჩემმა დამირეკა, ძალიან ბედნიერი ვიყავი“.

„როგორი გამოცდილება იყო ლა ლიგის საწყის შეხვედრებში ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობა“?

„ვფიქრობ, ცოტათი გამიმართლა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამისთვის მზად არ ვიყავი. არ ვიყავი მზად, რომ სადებიუტო შეხვედრა ლა ლიგაში გამემართა, თუმცა ნელ-ნელა, თავდაუზოგავი მუშაობით, ყველაფერი გამოვიდა“.

„რა იგრძენი, როცა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგე“?

„ვიფიქრე, რომ ყოველდღე პროგრესისთვის უნდა მიმეღწია, რადგან როცა სათადარიგო მეკარე ხარ, უფრო თავდაუზოგავად უნდა იმუშაო და ფსიქოლოგიურად ძლიერი იყო. სათამაშო დროის გარეშე 4 თვის გატარება რთული გახლდათ“.

„როცა კარში დაბრუნდი“?

„4 თვის შემდეგ, ფსიქოლოგიურად უფრო ძლიერი ვიყავი, უფრო მომზადებულიც გახლდით და თითოეული შეხვედრა ჩემთვის უფრო და უფრო უკეთესი იყო“.

„ხალხის მხარდაჭერაზე რას ფიქრობ“?

„ეს ჩემთვის ძალიან კარგია. ახალგაზრდა ვარ და მეტი მოტივაცია მიჩნდება“.

„სამწუხარო შედეგი კოპა დელ რეის ფინალში“...

„ფინალისთვის მაქსიმალურად მოვემზადეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა... იქნებ წლეულს გამოვიდეს“...

„ნერვიულობდი“?

„არასდროს ვნერვიულობ. საკუთარი თავის მჯერა“.

„როგორი შეგრძნება იყო პენალტების სერიაში მონაწილეობა“?

„პენალტებში ყველაფერი იღბალზეა დამოკიდებული. არა უშავს. მომდევნო ჯერზე მოვიგებთ და იმედია, ეს წლეულს მოხდება“.

„არის კლუბის მიზანი ევროპაში დაბრუნება“?

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გატუზოს მესიჯი სწორედ ევროპაში დაბრუნება გახლდათ. ჩვენი მიზანი ზუსტად ესაა. გასახდელში ამაზე აქტიურად ვსაუბრობთ და გვჯერა, ყველაფერი გამოგვივა“.

„გატუზო როგორია“?

„რთული, მაგრამ კარგი მწვრთნელია. როგორც მენტალურად, ისე ტაქტიკურად და ეს ძალიან მომწონს. სავარჯიშო პროცესი ცოტათი შეიცვალა. ახლა ბევრ პასს ვაკეთებთ და ფეხბურთს უფრო ვთამაშობთ, რაც ძალიან მომწონს“.

„ვალენსიაში საკუთარ მომავალს როგორ ხედავ“?

„ვალენსიასთან კონტრაქტი 2+1 სისტემით მაქვს გაფორმებული და ბედნიერი ვარ. ეს ქალაქი და ხალხი ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ახალი ხელშეკრულება ახლოსაა. მიგელ ანხელ კორონასთან დავილაპარაკებთ და ვნახოთ, რა მოხდება“.

„მანჩესტერი, ტოტენჰემი და სხვა გუნდები“...

„დიახ, ინტერესი იყო, მაგრამ მთავარი ვალენსიაა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ბედნიერი ვიყო და აქ ბედნიერი ვარ. ქალაქი, გუნდი და ხალხი ძალიან მომწონს“.

„ვალენსიაში შენი მიზანი რა არის“?

„ტიტულების მოგება. თასი ან ლა ლიგა. ეს რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები