ხვიჩა კვარაცხელია, ვლადიმირ ვაისი
Aa
Aa

„თუ საქმეს სწორად მიუდგება, წინ დიდი კარიერა ელოდება" - ვაისი ხვიჩას ტრანსფერზე

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი, ვლადიმირ ვაისი ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერს გამოეხმაურა. რამდენიმე წუთის წინ, „პარტენოპეის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ზაფხულში ნეაპოლელთა პირველი შენაძენი „კვარა“ იქნება და ვაისმა ამასთან დაკავშირებით, საკუთარი აზრი დააფიქსირა.

„ხვიჩას სერია A-ში თავის გამოჩენა ნამდვილად შეუძლია. მას საფეხბურთო უნარები რომ არ ჰქონდეს, ნაპოლი მისით არ დაინტერესდებოდა. 3 წლის წინ, როცა იგი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო, საქართველოს ნაკრების რიგებში შანსი მე მივეცი. მის საფეხბურთო მახასიათებლებს კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოუვა. ვფიქრობ, ნაპოლი ხვიჩას იმიტომ ყიდულობს, რომ ინსინიეს წასვლის შემდეგ, მის პოზიციაზე თავის გამოჩენის შანსი მისცეს.

ეს დიდი ტრანსფერია. ხვიჩას ნაპოლიში გადასვლა კარგი ნიშანი როგორც მისთვის, ისე ქართული ფეხბურთისთვის გახლავთ. კვარაცხელია ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და ნათელი გონება აქვს. თუ იგი საქმეს სწორად მიუდგება, წინ დიდი კარიერა ელოდება. ხვიჩა ნაპოლისთვის შესანიშნავი ფეხბურთელია. მას ინსინიეს მსგავსი უნარები აქვს და პარტენოპეი სწორედ ამიტომ ყიდულობს“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კვარაცხელიას შესახებ Napolipiu-მ დაწერა და ქართველი ფეხბურთელი დადებითად დაახასიათა. ნეაპოლური გამოცემის მიხედვით, კვარაცხელია მოკლე მონაკვეთზე დრიბლინგის უნარით გამოირჩევა, კარგი დარტყმა აქვს, ფიზიკური სიძლიერის მხრივ პრობლემა არ გააჩნია და გოლის ალღოც აქვს, რაც დინამო ბათუმის რიგებში შესრულებული დუბლით კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აურელიო დე ლაურენტისმა ტრანსფერი დაადასტურა - ხვიჩა ნაპოლიში გადადის
აურელიო დე ლაურენტისმა ტრანსფერი დაადასტურა - ხვიჩა ნაპოლიში გადადის