ჩემპიონთა ლიგა, მანჩესტერ იუნაიტედი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

მანჩესტერ სიტი v მადრიდის რეალი - მატჩის წინ

ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება. „მანჩესტერ სიტი“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. შეხვედრის გამართვამდე ერთი დღით ადრე Crystalsport-ი აღნიშნულ დაპირისპირებაზე ყველა საინტერესო დეტალს ერთ სივრცეში გთავაზობთ.

მანჩესტერ სიტი

დავიწყოთ მასპინძლებით. პეპ გუარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგასთან ერთად პრემიერ ლიგაშიც საჩემპიონო რბოლაში იმყოფება, ოღონდ „ლივერპულთან“. ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურში „მანჩესტერ სიტი“ საკუთარ მოედანზე „უოტფორდს“ შეხვდა და შეიძლება ითქვას მარტივი გამარჯვებაც მოიპოვა. „ქალაქელებმა“ მეტოქეს პირველ ტაიმში 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს, მეორე ნახევარში კი კიდევ ორი შეაგდეს, საპასუხოდ კი ერთი და საბოლოოდ 5:1 გაიმარჯვეს.

მანჩესტერ სიტი 5-1 უოტფორდი

დანაკლისი

ამ მხრივ პეპის გუნდს მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს. „რეალის“ წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ჟოაუ კანსელუ. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშაა ჯონ სტოუნსის და კაილ უოლკერის თამაშის საკითხიც, რომლებსაც ფეხის ტრავმა აწუხებთ.

რა თქვა პეპმა მატჩის წინ

„ისტორია უკვე აქ არის და მისი შეცვლა შეუძლებელია. ტურნირს ბევრი კარგი გუნდი გამოეთიშა, ჩვენ კი ახლა ამ ეტაპზე ვართ. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მაქსიმალურად ისიამოვნონ ამ მომენტით, რადგან ეს დიდი პატივია.

რა თქმა უნდა, ფინალში გასვლა ყველას უნდა, მაგრამ ამას ფეხბურთელები გადაწყვეტენ. ფეხბურთს ფეხბურთელები თამაშობენ, მე ამ თამაშს ვერ მოვიგებ.

სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ ევროპის 4 საუკეთესო კლუბს შორის ვართ. უბრალოდ, უნდა დავრჩეთ იმად, ვინც ვართ, ვითამაშოთ ორი განსაკუთრებული მატჩი და გავიდეთ ფინალში. ჩვენ ეს შეგვიძლია“.

მადრიდის რეალი

მანჩესტერ სიტისგან განსხვავებით, რეალს ლა ლიგის ჩემპიონობა ფაქტობრივად განაღდებული აქვს. მადრიდელებს ამისთვის უახლოეს ტურში „ესპანიოლთან“ გასამართ შეხვედრაში ფრეც კი აძლევთ ხელს. კარლო ანჩელოტის გუნდი გასულ ტურში „ოსასუნას“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 1:3 დაამარცხა. „პაპა კარლომ“ აღნიშნულ შეხვედრაში გუნდის ძირითად ბირთვს დასვენების შესაძლებლობა მისცა. ამასთან, მადრიდელებს „სიტისგან“ განსხვავებით თითქმის ერთკვირიანი დასვენების პერიოდი ჰქონდათ, რადგან გასულ უქმეებზე ესპანეთის სამეფო თასის ფინალის გამო ლა ლიგის ტური არ ჩატარებულა.

ოსასუნა 1-3 რეალი

დანაკლისი

„სიტის“ მსგავსად, „სამეფო კლუბშიც“ მნიშნელოვანი დანაკლისია. თითქმის გადაწყვეტილია, რომ მოახლოებულ შეხვედრაში გუნდს კარლოს კაზემირო ვერ დაეხმარება, დავიდ ალაბას შემთხვევაში კი ანჩელოტის ბოლო წუთამდე აქვს იმედი. ასევე, გამორიცხულია ედენ აზარის, მარიანო დიაზის და ლუკა იოვიჩის თამაშიც.

რა თქვა „პაპა კარლომ“ მატჩის წინ

„ისტორია, რომელიც მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე აქვს, ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ბევრად მეტს, ვიდრე ჩვენი მეტოქეებისთვის. ბოლო წლებში ეს ისტორია კიდევ უფრო გაიზარდა, რაც მოთამაშეებს მაისურის სიმძიმის გრძნობაში კიდევ უფრო ეხმარება.

გუნდის შემართება უცვლელია, ზეწოლა კი კიდევ უფრო დიდი. რა თქმა უნდა აქ ყოფნით ბედნიერები ვართ, მაგრამ როგორც წესი, ჩვენთვის ნახევარფინალში გასვლა წარმატებად ვერ ჩაითვლება, რადგან მუდმივად ფინალისკენ ვისწრაფვით, ესაა წარმატებაც და მიზანიც.

ბუნებრივია, ყველაფერი სანტიაგო ბერნაბეუზე გადაწყდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარმატების მისაღწევად შეიძლება 180 წუთი იყოს საჭირო, ან უფრო მეტიც. სასიამოვნოა, რომ ფინალამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს და ის ფაქტი, რომ ჩვენს პირისპირ საკმაოდ ძლიერი გუნდი იქნება არ გვაშფოთებს. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ძალიან რთული მეტოქეები გვყავდა, რომლებსაც ტურნირის მოგებასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ნახევარფინალში ჩვენ გავედით“.

ურთიერთშეხვედრები

ამ მხრივ სრული თანაფარდობაა. გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ 6 ოფიციალური შეხვედრა გამართეს და ორ-ორჯერ გაიმარჯვეს, ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირება 26 აპრილს, საქართველოს დროით 23:00 საათზე „ეტიჰედ სთედიუმზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები