ბარსელონა VS ნაპოლი - მატჩის წინ
Aa
Aa

ბარსელონა VS ნაპოლი - მატჩის წინ

ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალში კატალონიის „ბარსელონა“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩი დიდ ინტერესს იწვევს. CrystalSport ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, ყველა საინტერესო დეტალს ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„ბარსელონა“

რეალურად, ამ მომენტში ბარსას რთული პერიოდი აქვს. გუნდი ლა ლიგაში დამაკმაყოფილებელ შედეგს ვერ აჩვენებს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა და კოპა დელ რეის გამოეთიშა. უკანასკნელ ტურში კი ჩავის გუნდმა სტუმრად ესპანიოლს ვერ მოუგო. მეტიც, 96-ე წუთამდე მარცხდებოდა და დე იონგმა ერთი ქულის მომტანი გოლი გაიტანა. ლა ლიგაში „ბლაუგრანა“  33 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.

დანაკლისი:

ჩავი ერნანდესს პრობლემები აქვს. ევროპის ლიგის მეთექვსმეტედ ფინალში ბარსას არაუხო, ფატი, დეპაი, ლენგლე, უმტიტი და სერხი რობერტო არ ეყოლება.

რა თქვა ჩავიმ მატჩამდე?

„ამ მატჩში ფავორიტები არ ვართ. ჩვენ მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლის კანდიდატები ვართ. ჩვენს წინ ძლიერი მოწინააღმდეგეა. „ნაპოლი“ გამოცდილი და კარგად ორგანიზებული გუნდია. მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ. „პარტენოპეი“ მოედნის ცენტრში კარგად თამაშობს და გამუდმებით მაღალ პრესინგს მიმართავს.

ვფიქრობ, მოედნის ცენტრში „ნაპოლი“ საქმეს გაგვირთულებს. მათ გამუდმებით ბურთის კონტროლი სურთ. ასევე კარგად იცავენ თავს და ტოპ კლასის ფეხბურთელები ჰყავთ. ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა. ევროპის ლიგა კი ამის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ორი გზა გვაქვს. ევროპის ლიგის მოგება ან ოთხეულში გასვლა. ადვილი არცერთი არ გახლავთ. მნიშვნელოვანი მატჩი გველის და ჩვენი გულშემატკივრების იმედი მაქვს. მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. წილისყრაში არ გაგვიმართლა, მაგრამ მიზანი მაქსიმალურად შორს წასვლაა.“

„ნაპოლი“

სპალეტის გუნდი კარგ სეზონს ატარებს. ნეაპოლელები სერია ა-ს მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან. უკანასკნელ ტურში „პარტენოპეიმ“ „ინტერს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და ამის გამო ცხრილის სათავეში „მილანი“ ჩადგა. „ნაპოლი“ კი 53 ქულით მესამე პოზიციაზეა.

დანაკლისი:

ნეაპოლელთა დანაკლისიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. სპალეტის ბარსასთან მატჩში პოლიტანო, ლობოტკა და ლოზანო არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ოსიმენის  და ტუანზებეს თამაში.

რა თქვა სპალეტიმ მატჩამდე?

„ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ „ნაპოლი“ ვიყოთ. კარგი ფეხბურთის სათამაშოდ მშვენიერი თვისებები და მახასიათებლები გვაქვს. მოედანზე მუდამ მოსაგებად გამოვდივართ. ევროპის ლიგის მოგება და ქალაქის გახარება თუ გვინდა,  ყველაფერი უნდა შევწიროთ. ნებისმიერი მეტოქისთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ ვის შეხვდებით.

ჩვენ ვითამაშებთ ჩვენს ფეხბურთს. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს „ბარსელონაა“ სპეციალურ ტაქტიკას არ გამოვიყენებთ. ვეცდებით ისე ვითამაშოთ, როგორც ვიცით. ვიაზრებთ, რომ ზოგიერთ მომენტში აქტიურად მოგვიწევს თავის დაცვა, სხვა მომენტებში კი სივრცეების ათვისება. მეტოქეს პატივს ვცემთ, დიდი ისტორიის მქონე გუნდს ვუპირისპირდებით.“

„ბარსელონა“ VS „ნაპოლი“

ეს გუნდები ისტორიაში ერთმანეთს 6-ჯერ დაუპირისპირდნენ. 6-დან 4 გამარჯვება კატალონიელებზე მოდის, 1 შეხვედრა ნეაპოლელებმა მოიგეს, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ბარსა და „ნაპოლი“ უკანასკნელად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 2020 წელს შეხვდნენ. პირველი მატჩი იტალიაში გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. განმეორებითი დაპირისპირება კი კატალონიელებმა 3:1 მოიგეს. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 17 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 21:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები