5 საათი და 25 წუთი - ნადალმა მედვედევი დაამარცხა და 21-ე დიდი სლემი მოიგო!
Aa
Aa

5 საათი და 25 წუთი - ნადალმა მედვედევი დაამარცხა და 21-ე დიდი სლემი მოიგო!

ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა შორის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ესპანელი რაფაელ ნადალი და რუსი დანილ მედვედევი დაუპირისპირდნენ. სეზონის პირველი დიდი სლემის მფლობელი და კარიერაში რეკორდული 21-ე დიდი სლემის გამარჯვებული რაფაელ ნადალი გახდა!

რაფამ 5:25 საათიან თრილერში ხუთ სეტში - 2:6, 6:7 (5-7), 6:4, 6:4, 7:5 მოიგო და ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში მეორედ (2009 წლის შემდეგ) მოიგო.

პირველ სეტში მედვედევი ძალიან დამაჯერებელი იყო. საკუთარ ჩაწოდებებს მალევე იგებდა, საპასუხოდ კი ნადალს ბოლომდე ებრძოდა და მალევე ბრეიკის შესრულებაც შეძლო. საბოლოოდ, რუსმა ჩოგბურთელმა სეტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა და 6:2 მოიგო.

26 დარტყმიანი საოცარი გათამაშება, რომელიც რუსის გამარჯვებით დასრულდა

მეორე სეტიდან ნადალი გამოფხიზლდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. რაფამ 1:1-ის შემდეგ მედვედევს ბრეიკი შეუსრულა და წინ გაიჭრა. ამის შემდეგ ესპანელი თავისუფლად ათამაშდა, დაძაბულობა შედარებით მოეხსნა და მალევე სეტი 4:1-ზე წაიყვანა.

40 დარტყმიანი შოუ, რომელიც ამჯერად ნადალმა მოიგო

მედვედევმა 3:5-დან სეტის გადარჩენა შეძლო და თამაშში ბრეიკის შემდეგ დაბრუნდა. სეტი, რომელიც რაფას ერთი შეხედვით მარტივად უნდა მოეგო, ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც მედვედევმა თავისი მენტალური მომზადება კიდევ ერთხელ გამოავლინა და 3:5-დან 7:5-ის მოგება შეძლო - 2:0.


მესამე სეტში ნადალმა დაიწყო... რაფამ იბრძოლა და მოგებული ბრეიკის შემდეგ, 6:4-ის მოგება შეძლო. ესპანელი თამაშში დაბრუნდა - 1:2.

მეოთხე სეტიც უკეთესად ესპანელმა დაიწყო და მალევე დაწინაურებაც შეძლო. მედვედევი ოდნავ მოდუნდა, ნადალმა კი ძალიან მოუმატა და ბრეიკის შესრულების შემდეგ წინაც გავიდა. 3:4-ზე მედვედევს ძალიან კარგი შანსი მიეცა, როცა რაფას ჩაწოდებაზე 40:15-ს იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და შანსი ხელიდან გაუშვა - 3:5.

ნადალმა საბოლოოდ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და სეტი 6:4 მოიგო და ტაბლოზე ანგარიში თანაბარი გახდა - 2:2.

საერთო ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ მედვედევს ბადესთან თამაში უჭირდა. რამდენჯერმე ხელსაყრელი პოზიციიდან დამაჯერებლად ვერ იმოქმედა და ნადალმა იმწამსვე დასაჯა.

მეხუთე სეტი მედვედევის რთული ჩაწოდებით დაიწყო. 40:40-ზე საბოლოოდ რუსმა ეისების წყალობით წინ გასვლა შეძლო. დანილმა თითქოს თავისი ჩაწოდება დაიბრუნა, რომელიც მესამე და მეოთხე სეტებში არადამაჯერებლად გამოიყურებოდა.

2:2-ზე ნადალმა ბრეიკი შეასრულა, რის შემდეგაც უმნიშვნელოვანესი ჩაწოდების ჯერი დადგა, როცა რაფას უკუბრეიკი არ უნდა მიეღო. მედვედევმა იბრძოლა, ჩაწოდება 5 წუთზე მეტი გაგრძელდა, თუმცა ნადალმა 40:40-ზე ჩამორჩენა სამჯერ აღმოფხვრა და მოგება შეძლო - 4:2.


მედვევმა ბევრისთვის შეუძლებელი შეძლო და რაფას საჩემპიონო ჩაწოდების მოგება შეძლო, 5:5 გახადა და შემდეგ თავის ჩაწოდებაზე რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც ნადალმა 6:5 და ზედიზედ მეორე საჩემპიონო ჩაწოდება მიიღო, რომელიც ამჯერად ხელიდან აღარ გაუშვა და მშრალად, შანსის მიცემის გარეშე მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა!


ამრიგად, დიდი სამეულიდან პირველად 21-ე დიდი სლემის მოგება 35 წლის რაფაელ ნადალმა შეძლო. ფედერერსა და ჯოკოვიჩს კი ჯერჯერობით 20-20 რჩებათ.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკი ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო ავსტრალიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა და მოქმედმა ჩემპიონმა ტურნირი გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არველაძის წარმატებული დებიუტი - ჰალ სიტიმ სუონსი დაამარცხა
არველაძის წარმატებული დებიუტი - ჰალ სიტიმ სუონსი დაამარცხა