''ათიანზე'' ჩაკვეტაძე გამორიცხულია - ძლიერი კონკურენტები და ყველაზე რეალური პოზიცია
Aa
Aa

''ათიანზე'' ჩაკვეტაძე გამორიცხულია - ძლიერი კონკურენტები და ყველაზე რეალური პოზიცია

''ჰამბურგის'' ქართველმა ახალწვეულმა გიორგი ჩაკვეტაძემ გერმანულ კლუბში პირველად ამხანაგურ შეხვედრაში ''მიდტიულანდთან'' ითამაშა.''ჩაკვე'' სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მთავარმა მწვრთნელმა ტიმ უოლტერმა თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ჩაერთო და ბოლომდე მინდორზე დატოვა.

ჯერ ''ჰამბურგში'' ქართველი ფეხბურთელის გვარის გამოთქმა უჭირთ, თუმცა საუკეთესო თვისებების გამოვლენის შემთხვევაში გულშემატკივრების ფავორიტი მოთამაშე გახდება. მიუხედავად იმისა, რომ გერმანულ კლუბში სასტარტო თერთმეტეულის მოთამაშედ ხედავენ, მას რამდენიმე ძლიერი კონკურენტი ჰყავს. უპირველესად ეს სონი კიტელია, რომელიც გუნდის ლიდერია და ''ათიანზე'' თამაშობს. მის გარდა ''ჩაკვეს'' კონკურენტებად რეის რუდოვიტი, ბაკერი ჯატა, ფარიდე ალიდუ და ანსი სუჰონენი განიხილებიან. ამ ეტაპზე ყველაზე რეალურია, რომ ჩაკვეტაძემ მარცხენა გარემარბად ითამაშოს. CrystalSport-ი ქართველი შემტევის თითოეულ კონკურენტზე საინტერესო და მნიშვნელოვან ცნობებს გთავაზობთ.

სონი კიტელი

ამ სეზონში მეორე ბუნდესლიგაში საგოლე პასების რაოდენობით სონი კიტელი საუკეთესოა, 10 საგოლე გადაცემა შეასრულა, უახლოეს კონკურენტ დანიელ-კოფის (სანქტ. პაული) 1 ერთეულით უსწრებს. კიტელი, რომელიც ''ათიანის'' პოზიციაზე თამაშობს, კარგად ასრულებს პენალტებს და საჯარიმო დარტყმებს. ასევე, ტექნიკური მოთამაშეა, ბურთს კარგად აკონტროლებს და ''ჰამბურგის'' შეტევების მთავარი ორგანიზატორია.

29 წლის სონი კიტელს გერმანიის 16, 17, 18 და 20-წლამდე ნაკრებებში უთამაშია, თუმცა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში არასდროს მიუწვევიათ. მას პოლონური ფესვები აქვს, 2017 წელს ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში თამაშის სურვილიც ჰქონდა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. მოგეხსენებათ, პოლონეთის ნაკრები მაღალი დონის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული და კონკურენციაში ვერ შევიდა.

2019-20 წლების სეზონში ''ჰამბურგი'' მეორე ბუნდესლიგაში მე-4 ადგილზე გავიდა, საუკეთესო სამეულს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა, კიტელმა მეორე ბუნდესლიგაში 11 გოლი შეაგდო, თუმცა გუნდმა მიზანს ვერ მიაღწია. ''ჰამბურგს'' მომდევნო სეზონშიც მცირედი დააკლდა,  კვლავ მე-4 პოზიცია დაიკავა და საუკეთესო სამეულთან სხვაობამ 4 ქულა შეადგინა.

ზედიზედ ორი წარუმატებელი სეზონის შემდეგ გუნდის ლიდერი სონი კიტელი ''ჰამბურგში'' დარჩა, ელიტაში დაბრუნებისთვის მებრძოლ კლუბს უერთგულა. შესაბამისად, კლუბში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, რასაც მისი სტაბილური თამაში და კარგი სათამაშო ფორმა ემატება. აქედან გამომდინარე, ''ჩაკვეს'' ''ათიანის'' პოზიციაზე კიტელთან კონკურენცია ძალიან გაუჭირდება.

20 ტურის შემდეგ მეორე ბუნდესლიგაში ''ჰამბურგი'' და ''შალკე'' 34-34 ქულით მეოთხე ადგილს იყოფენ და საუკეთესო სამეულს 1 ქულით ჩამორჩებიან.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ვიდრე კიტელი ''ჰამბურგში'' გადავიდოდა, პრემიერ ლიგის ''ნორვიჩი'' წლიური ხელფასის სახით 2 მილიონ ფუნტ სტერლინგს სთავაზობდა, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელმა მეორე ბუნდესლიგაში დარჩენა ამჯობინა და ''ჰამბურგთან'' ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რეის ლუდოვიტი

 

21 წლის ნიდერლანდელი ნახევარმცველი რეის ლუდოვიტი ''ბარსელონას'' ექს-ფეხბურთელია, კატალონიური კლუბის პირველ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, თუმცა ტექნიკური შესაძლებლობებით გამოირჩევა, ''ჰამბურგის'' სასტარტოში რეგულარულად ხვდება, მარცხენა ფლანგზე არ თამაშობს, მეტწილად მოედნის ცენტრში ვხედავთ, ''ათიანზე'' ან საყრდენის პოზიციაზე მოქმედებს, მისთვის სამუშაო ფეხი მარჯვენაა, უმრავლეს შემხთხვევებში მარჯვენა ფეხით არტყამს კარისკენ ან ასრულებს საგოლე პასებს.

მისი პირველი გერმანული კლუბი ''ოსნაბრიუკი'' იყო. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ბენჟამინ შმედესი აღნიშნავდა, რომ მას ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე შეეძლო თამაში, თუმცა რუდოვიტის თქმით, თავს ყველაზე კომფორტულად საყრდენის პოზიციაზე გრძნობს.

სლოვაკური ფესვების მქონე ნიდერლანდელს უმეტეს შემთხვევებში საყრდენის ამპლუაში ვხედავთ, თუმცა სონი კიტელის არყოფნაში ''ათიანის'' პოზიციაზე გიორგი ჩაკვეტაძის კონკურენტად მოიაზრება.

ბუნდესლიგის ოფიციალური ვებგვერდი რეის ლუდოვიტს ''ჰამბურგის'' ნახევარდაცვის ''მაესტროდ'' მოიხსენიებს. მოთამაშე ''ჰამბურგს'' 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა და ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

''ბარსაში'' ყოფნის პერიოდში მისი სატრანსფერო თანხა შემცირდა, რადგან მხოლოდ სარეზერვო გუნდში თამაშობდა. გერმანიაში გადასვლის შემდეგ ნახევარმცველის სატრანსფერო თანხა ეტაპობრივად იზრდება და ახლა, Transfermarkt-ის მონაცემებით, 2,5 მილიონ ევროს შეადგენს.

ბაკერი ჯატა

23 წლის გამბიელი ბაკერი ჯატა ორივე ფლანგზე თამაშობს, თუმცა მთავარი პოზიცია მარჯვენა გარემარბია. ფიზიკურად ძლიერია, ტანმაღალია (184 სმ), მეორე სართულზე კარგად მოქმედებს, ცენტრფორვარდის ამპლუაშიც სასარგებლოა.

მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 3 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ჯატა ხშირად სასტარტოშია და გუნდისთვის სარგებელი მოაქვს, თუმცა არა იმდენად, რამდენადაც ამას სონი კიტელი ახერხებს. კიტელი გუნდის გამორჩეული მოთამაშე, მთავარი ფიგურაა.

ჯატა 2016-19 წლებში მეტწილად ''ჰამბურგის'' სარეზერვო გუნდში თამაშობდა, ეტაპობრივად პირველ გუნდში სათამაშო დრო გაეზარდა, მიმდინარე სეზონში 20-დან 16 შეხვედრაში სასტარტოში მოხვდა, 3 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა. მისი გოლით ''ჰამბურგმა'' მეორეადგილოსანი ''სანქტ. პაული'' დაამარცხა. ასევე, ''ჰამბურგმა'' სტუმრად ''შალკე'' დაამარცხა (1:3), ამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში ჯატამ დააფიქსირა, მეტოქის საჯარიმოში თავისუფალ სივრცეში შეირბინა და ახლო მანძილიდან შეაგდო.

რეის ლუდოვიტის მსგავსად ''ჰამბურგთან'' გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს (2024 წლის ივნისამდე). მისი სატრანსფერო თანხა, Transfermarkt-ის მონაცემებით, 1,3 მილიონი ევროა.

ფარიდე ალიდუ

20 წლის მარცხენა გარემარბი ''ჰამბურგის'' აღზრდილია, ამ სეზონის დასაწყისში განაცხადში ვერ ხვდებოდა, სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა, თუმცა დროდადრო სათამაშო დრო გაეზარდა, ბოლო ექვს შეხვედრაში კი სასტარტოში რეგულარულად ვხედავთ. საერთო ჯამში, მიმდინარე სეზონში მეორე ბუნდესლიგის 11 მატჩში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით დაეხმარა გუნდს.

''ჰამბურგის'' სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი პიტ რეიმერსი მის შესახებ საუბრისას აღნიშნავს:

''სისწრაფითა და ერთ-ერთზე კარგი თამაშით გამოირჩევა. წარსულთან შედარებით გოლის გატანაზე უფრო მეტადაა ორიენტირებული, გოლის გატანის შანსებს უფრო ეფექტურად იყენებს''.

გერმანული მედიის ცნობით, ფარიდე ალიდუ უახლოეს საათებში შესაძლოა ფრანკფურტის ''აინტრახტის'' ფეხბურთელი გახდეს. თუ ტრანსფერი არ შედგება, მარცხენა ფლანგზე ჩაკვეტაძის მთავარი კონკურენტები ფარიდე ალიდუ და ბაკერი ჯატა იქნებიან, რომლებიც ფლანგებს ხშირად ცვლიან და ორივე პოზიციაზე საუკეთესო თვისებებს ავლენენ.

Bild-ის ცნობით, ''ჰამბურგი'' ''ლიდსის'' მარჯვენა გარემარბის, სამერვილ კრისენსიოს ტრანსფერზე მუშაობს. ნიდერლანდელს ალიდუს შემცვლელად მოიაზრებენ. ასე რომ, ალიდუს დარჩენა და პლუს სამერვილ კრისენსიოს ''ჰამბურგში'' გადაბარგება ნაკლებად სავარაუდოა. ავტორიტეტული გერმანული წყაროს მიხედვით, ალიდუსა და კრისენსიოს მარჯვენა გარემარბებად განიხილავენ.

საინტერესოა, რომ ალიდუ გერმანიის 20-წლამდე ნაკრების წევრია, კრისენსიო კი ნიდერლანდების ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს.

ანსი სუჰონენი

ფინელთა 21-წლის ტალანტი ამ სეზონში ტრავმების გამო საუკეთესო თვისებებს ბოლომდე ვერ ავლენს, 11 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. აღნიშნული 11 შეხვედრიდან მარცხენა გარემარბის პოზიციაზე მხოლოდ ერთხელ, 9 წუთით ითამაშა და ''რეგენსბურგს'' მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში ლამაზი გოლი გაუტანა.

სკანდინავიელი უნივერსალია, ნახევარდაცვის ყველაზე პოზიციაზე თამაშობს, თუმცა მისი მთავარი პოზიცია ''ათიანია'', სონი კიტელთან კონკურენცია, ტრავმების ფონზე, უჭირს. ''ჰამბურგის'' მთავარი მწვრთნელი ტიმ უოლტერი ანსი სუჰონენს, რეის რუდოვიტსა და გიორგი ჩაკვეტაძეს შორის არჩევანს, ''ათიანის'' პოზიციაზე, მხოლოდ კიტელის არყოფნისას გააკეთებს.

2017 წლიდან სუჰონენი ''ჰამბურგის'' ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა. პირველ გუნდში სადებიუტო სეზონს ატარებს. მისი სატრანსფერო ღირებულება, Transfermarkt-ის მონაცემებით, ნახევარი მილიონი ევროა. ფინელს ''ჰამბურგთან'' კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები