ეროსი მანჯგალაძის გარდაცვალებიდან 40 წელი გავიდა
Aa
Aa

ეროსი მანჯგალაძის გარდაცვალებიდან 40 წელი გავიდა

ზუსტად 40 წლის წინ 1982 წლის 26 იანვარს ლეგენდარული ეროსი მანჯგალაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. გამორჩეული მსახიობი და კომენტატორი დიდუბის პანთეონშია დასაფლავებული.

Crystalsport.ge გთავაზობთ საინტერესო ისტორიას მსახიობის ცხოვრებიდან, რომელიც მისმა დამ ბელა მანჯგალაძემ გაიხსენა :

“ეროსის წინათგრძნობა ჰქონდა. გარდაცვალების დღეს, თავისი ორი მეგობრისთვის დაურეკავს, უთქვამს, ჩემთან ამოდითო. ისინიც იქვე ვაკეში ცხოვრობდნენ და ასულან. მათ ნარდის თამაში დაიწყეს, ეროსი კი წამოწვა. მერე წამოდგა და მეგობრებს უთხრა, ჩაის გავაკეთებ და დავლიოთო. ბიჭებმა უთხრეს, ჩაი არ გვინდა, იწექი, ნუ ადგებიო. ის მაინც ადგა და სამზარეულოში შევიდა. როგორც კი ჩაიდანი ცეცხლზე დადგა, მაშინვე წაიქცა. მისი გადარჩენა ვეღარ შევძელით, გულმა უმტყუნა. 56 წლის იყო, როცა მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. იმ დღეს რობიკო სტურუას მამის გასვენებაზე იყო. იქიდან პოლიკლინიკაში წავიდა, რადგან გული აწუხებდა. იქ მისულს თავისი მკურნალი ექიმის ნაცვლად სხვა დახვდა, რომელიც უკვე წასასვლელად ემზადებოდა. ექთანმა ეროსის კარდიოგრამა რომ ნახა, არ მოეწონა და ექიმთან შეიყვანა. ის კაცი უკვე პიჯაკს იცვამდა, სახლში ეჩქარებოდა. პაციენტს ყურადღება არ მიაქცია, არც კი გასინჯა. მხოლოდ ერთი წამალი ჩაუდო გულისჯიბეში და უთხრა, როცა დაგჭირდება, დალიეო. ჩემი ძმა სწორედ იმ საღამოს გარდაიცვალა. ეროსის მიცვალებული სადაც იყო, იმ ოთახში შესვლის ეშინოდა. ყველა პანაშვიდზე წავიდოდა, მაგრამ მაღლა ვერ ადიოდა, ეზოში იდგა. ჩემს ძმას სიკვდილის შიში ყოველთვის ჰქონდა. როცა გარდაიცვალა, მისი სახლის ყველა კუთხეში წამლები ვიპოვეთ. ალბათ ფიქრობდა, უცებ ცუდად თუ გახდებოდა, ის წამლები უშველიდა. ეროსი გამორჩეულად ნიჭიერი იყო, თავის პროფესიაში დიდ წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. ამქვეყნიდან ყველა ახლობელზე შეყვარებული წავიდა და თან საყვარელი ქალის დიდი სიყვარული წაიღო.”

შეგახსენებთ,რომ ცნობილი ქართველი მსახიობი, ეროვნული აქტიორული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი ეროსი აკაკის ძე მანჯგალაძე დაიბადა 1925 წლის 3 მარტს. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1947), იმავე წლიდან მუშაობდა ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის თეატრში, ხოლო 1948–იდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.

1980–იდან ერთდროულად მუშაობდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” კინომსახიობთა თეატრის დირექტორად და მსახიობად. მანჯგალაძე ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მსახიობი იყო.

გამოირჩეოდა მაღალი აქტიორული ოსტატობით, გარდასახვის ნიჭით, მასშტაბურობით, უშუალობით, ლამაზი და ძლიერი ხმის ტემბრით, მუსიკალობით.

მნიშვნელოვანი როლები: ივანე მახარაძე (ვ. სოლოვიოვის “დიდი ხელმწიფე”), ზიმზიმოვი (გ. სუნდუკიანის “პეპო”), ლოპესი (ჯ. ფლეჩერის “ესპანელი მღვდელი”), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი”), გვადი (ლ. ქიაჩელის “გვადი ბიგვა”), ოიდიპოსი (სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე”), აპრაკუნე (ი. ვაკელის “საქმიანი კაცი”), დათვი (გ. ნახუცრიშვილის ჭინჭრაქა”), თავადი ვანო (ა. ცაგარელის “ხანუმა”), აზდაკი (ბ. ბრეხტის “კავკასიური ცარცის წრე”) და სხვა.

 მანჯგალაძემ თავისი წვლილი შეიტანა ქართული კინომატოგრაფიის განვითარებაში – შექმნა ეროვნული კოლორიტით გამთბარი კომედიური სახეები: ალექსანდრე (“წარსული ზაფხული”), სევერიანი (“თოჯინები იცინიან”), სამჭკუაშვილი (“ქვევრი”), მღვდელი (“ლონდრე”), ჩორეხი (“ნატვრის ხე”) და სხვა.

მანჯგალაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ტელე და რადიოთეატრის განვითარებაში. უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა როგორც სპორტული კომენტატორი. ასევე მას სახელმწიფო ჯილდოები აქვს მიღებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კობი ბრაიანტი და Mamba Mentality - ლეგენდა, რომელიც დავკარგეთ
კობი ბრაიანტი და Mamba Mentality - ლეგენდა, რომელიც დავკარგეთ