როგორ რევს მოურინიო რომას გასახდელში სიტუაციას?
Aa
Aa

როგორ რევს მოურინიო რომას გასახდელში სიტუაციას?

ჟოზე მოურინიოს „რომას“ ხელმძღვანელობის ნდობა აქვს, თუმცა იტალიური გამოცემა Football Italia საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც „განსაკუთრებული“ „ჯალოროსის“ გასახდელში სიტუაციას რევს.

მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობა წარუმატებლობას ძირითადად მსაჯებს აბრალებს და არა მოურინიოს. ამით ნათლად ჩანს, რომ ჟოზე დიდი ნდობით სარგებლობს. ამის ფონზე, „რომამ“ ბოლო 7 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო და პორტუგალიელი სპეციალისტის მიმართ ზეწოლა იზრდება.

იტალიაში თვლიან, რომ კლუბი ვალდებულია ამ წარუმატებლობას რაიმე სხვა ახსნა მოუძებნოს და მხოლოდ მსაჯის შეცდომებს არ დააბრალოს. La Gazzetta dello Sport ხაზს უსვამს რომაელთა თამაშს დამაგვირგვინებელ ფაზაში. სტატისტიკოსებმა გვამცნეს, რომ „ჯალოროსიმ“ ბოლო 7 დაპირისპირებაში კარისკენ 214-ჯერ დაარტყა, მაგრამ გუნდი ახლა მე-6 ადგილზე იმყოფება.

„ტრიგორიაზე“ ნელ-ნელა ღიმილი ყველას უქრება. მოურინიომ თავისი ფეხბურთელები საწვრთნელ ბაზაზე გამოკეტა და ამით ისინი გარკვეულწილად დასაჯა. მაგალითად, ახალწვეულმა ებრიმა დარბომ „ბოდო გლიმტთან“ ძირითადში ითამაშა, მაგრამ „ვენეციასთან“ დაპირისპირების დროს 20 წლის ფეხბურთელი განაცხადშიც კი არ იყო.

გამოცემა წერს, რომ „ბოდო გლიმტთან“ მატჩის შემდეგ, გასახდელში სიტუაცია შეიცვალა და ფეხბურთელები დაიყვნენ. ზოგიერთი მათგანი კი ერთმანეთს საერთოდ არ ეკონტაქტება, თუ ამას საქმე არ მოითხოვს. მოთამაშეების უკმაყოფილება მოურინიოს სიტყვებმაც გამოიწვია. „განსაკუთრებულმა“ განაცხადა, რომ „რომა“ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლისთვის მზად არ არის.

სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ ჟოზეს ამ მეთოდებს ხელმძღვანელობა არ ეწინააღმდეგება. Football Italia-ს ცნობით, კონტეს „ტოტენჰემში“ დანიშვნამ ჟოზე გააღიზიანა და მის ხასიათზე ნათლად აისახა. ეს ყველაფერი კი მოურინიოს და ანტონიოს ცუდმა ურთიერთობამ გამოიწვია. ფეხბურთელები სხვა საკითხზეც ნერვიულობენ.

ცნობილია, რომ „ჯალოროსი“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დიდ აქტიურობას გეგმავს, მაგრამ ამისთვის ჯერ მოთამაშეების გაყიდვაა საჭირო. რამდენიმე ფეხბურთელის გარდა „რომაში“ ხელშეუხებელი არავინაა და მეტიც, მოურინიოსთვის ავტორიტეტები არ არსებობენ. ამის შესახებ ყველამ კარგად იცის და ნერვიულობის მიზეზს ეს ფაქტიც ამძაფრებს.

სატურნირო მდგომარეობა

12 ტურის შემდეგ, რომაულ კლუბს 19 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ბოლო ორი შეხვედრა „რომამ“ წააგო. პირველად ეს საკუთარ კედლებში „მილანის“ წინააღმდეგ მოხდა, ხოლო უკანასკნელ ტურში, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჟოზეს ბიჭები სტუმრად „ვენეციასთან“ 2:3 დამარცხდნენ. მომავალ ტურში „რომა“ „ჯენოას“ ესტუმრება, რომელიც საკმაოდ მოტივირებული გამოვა, რადგან მათ ახალი მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო ჰყავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები