Aa
Aa

"ისტორიული ტიტული ბუდაპეშტში" - EJU საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებზე წერს

უნგრეთში, კონკრეტულად კი ბუდაპეშტში ძიუდოს 23-წლამდე ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები იღებდა მონაწილეობას. „ჩვენებურებმა“ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვეს. საქართველოს ამ წარმატებაზე ევროპის ძიუდოს გაერთიანება EJU წერს.

რას წერს EJU?

„პირველი ნახევარფინალი საქართველოსა და უნგრეთს შორის გაიმართა. ძირითადი დაპირისპირებები 3:3 დასრულდა და ახალი წილისყრა გახდა საჭირო. წილისყრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ერთმანეთს -73კგ კატეგორიაში ლუკა კაპანაძე და ჟერედას ბოტონდი შეხვდებოდნენ. დაპირისპირება ძალიან მძიმე გამოდგა, თუმცა ბოლოს კაპანაძემ ბრწყინვალე იპონით გაიმარჯვა.

მეორე ნახევარფინალში რუსეთმა ავსტრია დაამარცხა. რუსებს მეოთხე ქულა მარსუნ ლორსანოვმა მოუტანა და საკუთარი ქვეყანა ფინალში გაიყვანა.

ფინალური ბლოკი ეთერ ლიპარტელიანმა გახსნა. ერთეულთა თანრიგში წარუმატებლობის შემდეგ, ლიპარტელიანმა თავისი ბრძოლა მოიგო და საქართველო დააწინაურა. ამის შემდეგ რუსეთმა ორი დაპირისპირება მოიგო და ევროპის უმცროსი ჩემპიონის ნიკა ხარაზიშვილის დრო დადგა. ქართველმა ფალავანმა ანგარიში გაათანაბრა და ასპარეზი სოფო სომხიშვილს დაუთმო.

სომხიშვილს და მის მოწინააღმდეგეს დარია ვლადიმიროვას იდენტური ტაქტიკა ჰქონდათ. საქმე ოქროს ქულამდე მივიდა და ყველაფერი რუსი ძიუდოისტის წითელი ბარათით დასრულდა. სომხიშვილმა მოიგო!

უკანასკნელი ბრძოლა  +78 კგ კატეგორიაში, საბა ინანეიშვილსა და ვალერი ენდოვიტსკის შორის გაიმართა. ქართველმა ფალავანმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონი დაამარცხა, ფრე თავიდან აირიდა და საქართველოს ოქროს მედალი მოუპოვა."

ყველაფრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლომერ ჟორჟოლიანმა კომენტარი გააკეთა და განახადა, რომ ძალიან ბედნიერია.

ჟორჟოლიანი:

„ჩემთვის, როგორც 23-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი ჩემპიონატი იყო და ოქროს მედალი ავიღეთ. ეს საოცარია. ყველა ძიუდოისტმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა და ეს ყველაფერი ჩვენს გუნდს უდიდეს ძალას და სულისკვეთებას აძლევს."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები