„უდიდესი უიღბლობა იყო, იგი ჩვენთანაა, მაგრამ
Aa
Aa

„უდიდესი უიღბლობა იყო, იგი ჩვენთანაა, მაგრამ" - შუმახერის მეუღლის ინტერვიუ

ფორმულა 1-ის 7-გზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის მეუღლემ, კორინა შუმახერმა ლეგენდარული გერმანელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. Netflix-მა „შუმის“ შესახებ დოკუმენტური ფილმი „შუმახერი“ გადაიღო და კორინას ინტერვიუს ნაწილი ფილმის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა.

„მიხაელი ძალიან მაკლია და იგი ყოველდღე მენატრება, მაგრამ ერთადერთი არ ვარ, ვისაც იგი ენატრება. მიხაელი ყველას გვენატრება: მის შვილებს, ოჯახს, მამას, მის ახლობლებს. იგი ყველას ძალიან გვაკლია, მაგრამ რეალურად, მიხაელი ჩვენთანაა. უბრალოდ იგი განსხვავებულ ადამიანად იქცა. სხვანაირია, მაგრამ ჩვენთანაა და ეს ძალას გვმატებს“.

კორინამ 2013 წლის დეკემბერში, ფრანგულ კურორტზე განვითარებული მოვლენები და შუმახერის სიტყვებიც გაიხსენა, რომლებიც მისგან ინციდენტამდე გარკვეული დროით ადრე მოისმინა: „თოვლი ოპტიმალურ მდგომარეობაში არაა. შეგვიძლია, დუბაიში გავფრინდეთ და იქ სკაიდაივინგი ვცადოთ“.

ალპებში მომხდარ ინციდენტს კორინა დიდ უიღბლობას უწოდებს და ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი მიხაელს იცავენ: „მომხდარში ღმერთს არასდროს ვადანაშაულებდი. ეს უბრალოდ დიდი უიღბლობა იყო. უდიდესი უიღბლობა, რომელიც ცხოვრებაში შეიძლებოდა გვქონოდა. ვცდილობთ, ერთი ოჯახივით ვიცხოვროთ. ზუსტად ისე, როგორც შუმის მოსწონდა და მოსწონს. მიხაელი ყოველთვის ამბობდა, რომ პირადი სივრცე პირადი სივრცეა და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სახლში ერთად ვცხოვრობთ და თერაპიას ვაგრძელებთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მიხაელი უკეთ გახდეს და თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს. იგი ჩვენ ყოველთვის გვიცავდა და ახლა მას ჩვენ ვიცავთ“.

შეგახსენებთ, რომ კორინა და მიხაელი 1995 წელს დაქორწინდნენ. მათ ორი შვილი ჰყავთ - 24 წლის ჯინა და 22 წლის მიკი, რომელიც მამის ნაბიჯებს გაუყვა და ფორმულა 1-ის პილოტი გახლავთ.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები