ბოლო წრეზე წაიქცა, მაგრამ მაინც მოიგო - ნიდერლანდელი მორბენლის სასწაული
Aa
Aa

ბოლო წრეზე წაიქცა, მაგრამ მაინც მოიგო - ნიდერლანდელი მორბენლის სასწაული

ნიდერლანდელმა მორბენალმა, სიფან ჰასანმა სპორტული სამყარო კიდევ ერთხელ გააოცა. ტოკიო 2020-ზე ჰასანი 1500, 5000 და 10000 მეტრზე სირბილში სამი ოქროს მედლის დასაკუთრებას აპირებს და რამდენიმე საათის წინ კინაღამ გეგმები ჩაეშალა.

გამთენიისას, 1500 მეტრზე სირბილში საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა. ფინიშამდე დაახლოებით 400 მეტრი იყო დარჩენილი, როცა ჰასანის წინ მიმავალი კენიელი სპორტსმენი, ედინა იებიტოკი წაიქცა და ნიდერლანდელმა მორბენალმა მას გვერდი ვერ აუქცია.

ჰასანი წაიქცა, მაგრამ მალევე წამოდგა და მიზნის მისაღწევად ბრძოლა განაგრძო. სიფანმა საკუთარი დომინანტობა გამოავლინა, აუჩქარა და პირველი ადგილი დაიკავა. ნიდერლანდელი ნახევარფინალში გავიდა, რომელიც 4 აგვისტოს გაიმართება.

ცნობისთვის, მას დღეს ფინალური შეჯიბრება ელის და ოქროს მედლის მოპოვებას 5000 მეტრზე სირბილში შეეცდება. მას წარმატების მიღწევის კარგი შანსი აქვს, თუმცა ის ფაქტორი, რომ 1500-მეტრიანი დისტანციის ბოლოს დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწია, შესაძლოა, გადაულახავი გამოწვევა აღმოჩნდეს.

ცხელი ამბები