ისტორიული გამარჯვება - ბათუმის დინამოს საოცარი ''ქამბექი'' ბელარუსში
Aa
Aa

ისტორიული გამარჯვება - ბათუმის დინამოს საოცარი ''ქამბექი'' ბელარუსში

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბორისოვის ''ბატე'' შინ ბათუმის ''დინამოსთან'' 1:4 დამარცხდა. აჭარულმა კლუბმა ისტორიაში პირველად ევროპული ტურნირის ორი ეტაპი გაიარა და მესამე ეტაპზე თურქულ ''სივასპორს'' დაუპირისპირდება, რომელმაც მოლდოვური ''პეტროკუბი'' ორი მატჩის ჯამში 2:0 დაამარცხა.

ბათუმში გამართული შეხვედრა ''ბატეს'' გამარჯვებით დასრულდა (0:1), ხოლო ბორისოვში ანგარიში მასპინძლებმა პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე გახსნეს. ასე რომ, ბორისოვში პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ''ბატე'' ორი მატჩის ჯამში 2:0-ს იგებდა.


მეორე ტაიმში გია გეგუჩაძის გუნდმა 4 გოლი შეაგდო და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. მეორე ტაიმი სტუმართა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და ლამაზი ფეხბურთით ქართულმა კლუბმა სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

მეორე ტაიმი ბათუმის ''დინამოს'' დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა. 48-ე წუთზე მამუჩაშვილმა პენალტი გოლად აქცია და ანგარიში გაათანაბრა.

58-ე წუთზე ფლამარიონმა მეტოქის მცველების შეცდომით ისარგებლა და თანაგუნდელები დააწინაურა. 

74-ე წუთზე აზაროვის შორეული დარტყმა გოლით დასრულდა.

მე-5 დამატებულ წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა გიორგი ფანცულაიამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


საინტერესო ფაქტი ისტორიიდან

გია გეგუჩაძის სამწვრთნელო დებიუტი ევროტურნირზე 2004 წელს სწორედ ''ბატესთან'' შედგა. UEFA-ს თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში გია გეგუჩაძის გაწვრთნილი თბილისის ''დინამო'' ბელარუსულ გუნდს სტუმრად დაუპირისპირდა. 

ბორისოვში გამართული პირველი ტაიმის ოთხწუთიან მონაკვეთში გია გეგუჩაძის გუნდმა ორი გოლი გაუშვა. მე-15 წუთზე მასპინძელთა მეკარე იური ჟევნოვმა ანგარიში გახსნა, ირაკლი ზოიძემ კურიოზული გოლი გაუშვა, მე-19 წუთზე კი ოლეგ სტრახანოვიჩმა პენალტის ნიშნულიდან ანგარიში ორამდე გაზარდა.

მიხეილ კაკალაძისა (45) და ბორის გონჩაროვის (56) გოლებით თბილისის ''დინამომ'' ორბურთიანი ჩამორჩენა აღმფოხვრა, 90-ე წუთზე კი თბილისის ''დინამოს'' ბრაზილიელმა შემტევმა სეზარ რომერომ გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ევროტურნირზე ერთ მატჩში ორბურთიანი ჩამორჩება აღმოფხვრა და გამარჯვება მოიპოვა. თბილისის ''დინამომ'' საპასუხო შეხვედრაც მოიგო, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე დავით კვირკველიამ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები