„ბევრჯერ ვარჯიშზე უჭმელი წავსულვარ
Aa
Aa

„ბევრჯერ ვარჯიშზე უჭმელი წავსულვარ" - ოლიმპიური ჩემპიონი საკუთარ ბავშვობაზე

ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია. 21 წლის ფალავანმა გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და ტოკიოში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ოლიმპიადამდე რამდენიმე თვით ადრე, ლაშა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და სწორედ იმ ტურნირზე გადაწყდა, რომ ტოკიო 2020-ზე ბექაური წავიდოდა. 21 წლის ძიუდოისტი სოფელ არხილოსკალოდანაა და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ტრიუმფის შემდეგ, „პოსტ ფაქტუმთან“ იმ ურთულეს პირობებზე ისაუბრა, რომლებთან გამკლავება ბავშვობაში და ძიუდოისტის კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმისას მოუწია.

„იყო მომენტები, როცა ქვებითაც გვიწევდა ვარჯიში, რადგან გირები და ჰანტელები არ გვქონდა. მანქანის ძველ საბურავებს ქამარზე გამოვიბამდით და ასე დავრბოდით ხოლმე, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. ჩემი სახლიდან დარბაზამდე 13 კილომეტრი იყო და ბიჭები ამ მანძილს ფეხით გავდიოდით. ძალიან ხშირად დაბრუნება ღამე გვიწევდა და პატარა ბავშვისთვის ამხელა გზაზე სიარული ურთულესი იყო...

ვამაყობ რომ ქართველი და მთის შვილი ვარ. ვამაყობ იმითაც, რომ 300 არაგველის შთამომავალი ვარ და შეჯიბრზე როცა გავდივარ, დიდ მოტივაციას მაძლევს ის ხალხი ომში თავდაუზოგავად რომ იბრძოდა. არ მაქვს უფლება უკან დავიხიო, რადგან მათი შთამომავალი ვარ.

ბევრჯერ ვარჯიშზე უჭმელი წავსულვარ. საჭმელი არ მქონია ისე წავსულვარ. სკოლის პერიოდში ისეთი გაჭირვება იყო, ბავშვები კარალიოკს ვჭამდით ხოლმე, ბუფეტში რომ ვერაფერს ვყიდულობდით... ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ყველას დამარცხება შემიძლია და ყველანაირად ვეცდები, რომ ჩვენს ქვეყანას ოლიმპიური ოქრო მოვუტანო“.

ლაშამ პირობა შეასრულა. ტოკიო 2020-ზე ბექაურმა შესანიშნავად იასპარეზა და მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები