კახა ცხადაძე: „ნეფთჩისთან მარცხი მოტივაციად უნდა ვაქციოთ
Aa
Aa

კახა ცხადაძე: „ნეფთჩისთან მარცხი მოტივაციად უნდა ვაქციოთ"

როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა უკვე იცის, ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპი „დინამო" თბილისისთვის და „დინამო" ბათუმისთვის გრძელდება, ხოლო „გაგრა" („სუტიესკას" ბარიერი ვერ გაიარა) და „დილა" („ჟილინას" წინააღმდეგ დამარცხდა) კონფერენს ლიგას გამოეთიშნენ.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, „დინამო" თბილისი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ორი მატჩის ჯამში, ბაქოს „ნეფთჩის" წინააღმდეგ, ანგარიშით - 4-2 დამარცხდა. 

„დინამო" თბილისის მეტოქე „მაკაბი" (ისრაელი) იქნება. კახა ცხადაძის გუნდი პირველ შეხვედრას სახლში, 22 ივლისს ჩაატარებს. მატჩი 20:30 საათიდან დაიწყება.

დღეს, დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში ტრადიციული, მატჩისწინა პრესკონფერენცია შედგა.

კახა ცხადაძე - „დინამო" თბილისის მთავარი მწვრთნელი

„ბაქოს ნეფთჩის წინააღმდეგ უხეში შეცდომები დავუშვით და რა თქმა უნდა, ამის შესაბამისი შედეგი მოჰყვა.

ხვალინდელი მატჩიც ასეთია, მეტოქეს მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს და ინდივიდუალურად ძლიერია. რთული მატჩი გველის და ეს ვიცით. მეტოქე თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს, ამიტომ საინტერესო იქნება თავს როგორ წარმოვაჩენთ. ვფიქრობ, მათ აგრესიული თამაში უნდა დავუპირისპიროთ , ნაკლები შეცდომა დავუშვათ და არ მივცეთ საშუალება თავს თავიანთი თამაში მოგვახვიონ. თუ ეს გამოგვივა, შედეგზეც აისახება და საინტერესო შეხვედრაც გამოვა.

გასულ შეხვედრებში მარცხი ძალიან მტკივნეული იყო, განსაკუთრებით კი ფეხბურთელებისთვის. ვთვლი, რომ ეს 2 მატჩი შანსია მათთვის, აქციონ მოტივაციად , გულშემატკივარს მარცხი დაავიწყონ  და თავადაც დაივიწყონ. მათ შეუძლიათ დამაკმაყოფილებელი შედეგების ჩვენება, შეუძლიათ ეს მარცხი ისტორიას ჩააბარონ.

დინამო ნეფთჩის წინააღმდეგ მარცხს არცერთ მატჩში არ იმსახურებდა. არ ვიცი, ამ საკითხზე ვინმეს განსხვავებული აზრი თუ აქვს.

ტრავმები არ გვაქვს, თუმცა სიახლეა ის, რომ კვასხვაძემ გუნდი დატოვა. ეს გადაწყვეტილება ორმხრივი იყო და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება.

ამ ეტაპზე ძველი, ნაცნობი  შემადგენლობით ვემზადებით".

მატჩის არბიტრები

დინამო არენაზე შვეიცარიის წარმომადგენელი არბიტრები იმსაჯებენ. მატჩის მთავარი მსაჯი 36 წლის ლუკას ფენდრიხი იქნება, რომელსაც ასისტენტობას სლადან იოსიპოვიჩი და  პასკალ ჰირზელი გაუწევენ. მეოთხე არბიტრის ფუქნციას სებასტიან გიშამერი შეითავსებს.

ბილეთები და მატჩის ტრანსლაცია

მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-სა და დინამო არენას სალაროებში მიმდინარეობს. ერთ გულშემატკივარს მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა შეუძლია, ბილეთი აუცილებელია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის. ფასი 5-10 ლარია.

ბილეთების ყიდვა 

22 ივლისს, 20:30 საათიდან, „დინამო" თბილისისა და „მაკაბის" შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი შემოგვთავაზებს.

გუნდების განმეორებითი შეხვედრა 29 ივლისს, სტუმრად შედგება. ისრაელში გასამართი საპასუხო მატჩი სტარტს თბილისის დროით 20:00 საათიდან აიღებს.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდები 350 000 ევროს მიიღებენ, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შემოსავალი - 550 000 ევრო, ხოლო პლეი ოფის - 750 000 ევრო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები