კახა კალაძის ანგარიში - რა გაკეთდა  სპორტის კუთხით 2018-2021 წლებში
Aa
Aa

კახა კალაძის ანგარიში - რა გაკეთდა სპორტის კუთხით 2018-2021 წლებში

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის განათლების, კულტურის და სპორტისა მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

კალაძის თქმით, განათლების, კულტურის და სპორტისა მიმართულებით, 2018-2021 წლებში არაერთი პროექტი განხორციელდა. თბილისის მერიის ანგარიშით ვიგებთ, რომ 2018-2021 წლებში კულტურის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით დედაქალაქის ბიუჯეტიდან 44 მილიონი ლარი გამოიყო, მათ შორის:

  • დაჯილდოვდა 107 სპორტსმენი;
  • დაფინანსდა 96 სხვადასხვა სპორტული ორგანიზაცია;
  • განხორციელდა 3 სპორტული ცენტრის მშენებლობა;
  • სარეაბილიტაციო სამუშაოები 7 სპორტულ ცენტრს ჩაუტარდა;
  • ტექნიკით და ინვენტარით 6 სპორტული ცენტრი აღიჭურვა;
  • მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 518 სპორტულ მოედანს;
  • მოეწყო 386 გარე გამოყენების სატრენაჟორო სივრცე;

კახა კალაძე - თბილისის მერი

„პარკებისა და სკვერების მოწყობისას ჩვენი კონცეფცია ასეთია - ყველა სპორტული ინფრასტრუქტურა ერთ სივრცეში მოექცეს. ეს იქნება საცურაო აუზი, საკალათბურთო, საფეხბურთო მოედნები, საჭიდაო დარბაზები და სხვა. მსგავსი ადგილებით ყველა თაობის ადამიანმა უნდა ისარგებლებს. ადრე იყო ტენდენცია, რომ სპორტით მხოლოდ ახალგაზრდები ინტერესდებოდნენ. ახლა ეს დამოკიდებულება შეიცვალა. ყველა რაიონში, უბანში მულტიფუნქციური სივრცეები უნდა შეიქმნას.

ხშირად გაგვიგონია, რომ ჩვენი მომავალი სწორედ განათლებულ, საკუთარი ისტორიისა და კულტურის კარგად მცოდნე, სპორტში აქტიურად ჩართულ და ჯანსაღი ცხოვრების წესის მქონე ახალგაზრდების ხელშია. მე პირადად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვიზიარებ ამ სულისკვეთებას და მიმაჩნია, რომ ეს არის ის ფორმულა, რომელიც ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს გადაარჩენს. დღეს ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, რადგანაც მაქვს შესაძლებლობა, გესაუბროთ იმ სამუშაოებზე, რომელიც დედაქალაქში, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროექტის სახით განვახორციელეთ. დამეთანხმებით, შეუძლებელია ვისაუბროთ თანამედროვე, ევროპულ, ადგილობრივი მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის კომფორტულ, საინტერესო ქალაქზე, თუ სათანადო ადგილი არ უკავია განათლების, სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის ხელშეწყობას. ცალკე საკითხია ის, რომ კულტურულად ისეთ მდიდარ, უამრავი მსოფლიო დონის სპორტსმენის, ხელოვანისა და მეცნიერის მშობელ ქალაქში, თუ აღნიშნული მიმართულებების ხელშეწყობაზე არ ვიზრუნებთ, მართლაც დანაშაულია მომავალი თაობების წინაშე“.

ანდრია ბასილაია - თბილისის მერის მოადგილე 

„როდესაც საქმიანობას შევუდექით, დედაქალაქში არსებული ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებდა. ამ მხრივ ბევრი ვიმუშავეთ. 2018/2021 წლებში თბილისში სამი სპორტული ცენტრი აშენდა, განთავსდა 400-მდე გარე გამოყენების სატრენაჟორო სივრცე, მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 500-ზე მეტ სპორტულ მოედანს, რეაბილიტირდა 8 სახელოვნებო სკოლა და 7 სპორტული ცენტრი; ტექნიკით და ინვენტარით აღიჭურვა 6 სპორტული ცენტრი“.

პრეზენტაციისას თბილისის მერის მოადგილემ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა:

„აღსანიშნავია, რომ ორი დიდი ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას ვასრულებთ. ასევე, მთაწმინდის სპორტული ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ვარკეთილსა და დიდი დიღომში ორი მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი შენდება. ცოტნე დადიანის ქუჩაზე კი სკეიტ პარკის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

ახლო მომავალში დაგეგმილია სოფელ დიდ ლილოში სპორტული კომპლექსის მშენებლობა. წყნეთის გზატკეცილზე ფეხბურთის დახურული, ხელოვნურსაფარიანი მოედანი აშენდება. „მზიურში“ მდებარე ფეხბურთის მოედნის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ასევე, მოხდება ქალთა და შშმ პირების გუნდების/კლუბების ხელშეწყობა. ამ პროგრამის ფარგლებში, მათ შევუძენთ ეკიპირებას, ვუქირავებთ სივრცეებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცხოვროს“.

მასალა მომზადებულია თბილისის მერიის ანგარიშის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები