ანალიზი: „ჩინური ჩავი“ და პასი პასისთვის - ესპანეთი წრეზე დადის
Aa
Aa

ანალიზი: „ჩინური ჩავი“ და პასი პასისთვის - ესპანეთი წრეზე დადის

ევროპის ჩემპიონატს ესპანეთის ნაკრების ქომაგები დიდი ინტერესით ელოდნენ, რადგან „ფურია როხას“ ამჟამად რთული დრო უდგას - ლუის ენრიკეს გუნდში თაობათა ცვლა მიდის და ეს ყოველთვის მტკივნეულ ნაბიჯებთან არის დაკავშირებული.

სერხიო რამოსის ევროს მიღმა დატოვების შემდეგ, ენრიკემ საკუთარი თავი საფრთხეში ჩაიგდო და ნელ-ნელა მისი სკამი მორყევას იწყებს.

2008 წელს ლუის არაგონესმა განაცხადს მიღმა თვით რაული დატოვა და თავი კრიტიკის ობიექტი გაიხადა, თუმცა მისმა გადაწყვეტილებამ გაამართლა, რასაც ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ოქროს მონაკვეთი მოჰყვა.

რაც შეეხება ლუის ენრიკეს, მისი შემხედვარე ერთ დასკვნამდე მივდივარ - ესპანეთის ნაკრებმა არ იცის რას თამაშობს. „ფურია როხამ“ „ლუჩოს“ ხელში თითქოს ნელ-ნელა ტიკი-ტაკას სტილზე უარი თქვა და ეს გუნდი თავის წინა თაობისგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე კვლავ ის მოსაწყენი, წარსულის აჩრდილი გუნდი ვიხილეთ - ბურთის ტოტალური კონტროლი, მაგრამ პასი გვერდით, პასი უკან...

ტიკი-ტაკას თამაში მარტივი როდია. ამ სტილს შესაფერისი შემსრულებლები სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იმას, რაც გუშინ საღამოს სევილიაში ვიხილეთ.

შვედეთთან შეხვედრამ რამდენიმე დეტალი გამოაჩინა, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო და შევეცდები სათქმელი თქვენამდე მარტივად და გასაგებად მოვიტანო.

არასწორად გადანაწილებული როლები - ვინ იმსახურებს და ვინ არა ნაკრებში მოხვედრას

„ვერ ვიტან, როდესაც ფეხბურთელი პასს მხოლოდ პასისთვის აკეთებს. ვერ ვიტან "ტიკი ტაკას". ეს სისულელეა, რომელსაც მიზანი არ გააჩნია. როდესაც გადაცემას აკეთებ, მკვეთრად განსაზღვული მიზანი უნდა გქონდეს და ეს გოლის გატანა უნდა იყოს“, - ამბობს პეპ გუარდიოლა და სავარაუდოდ ესპანეთის ნაკრების ბოლოდროინდელი სათამაშო სტილი ნერვებს მასაც უშლის, რადგან „ფურია როხა“ მის სიტყვებს ხორცს ასხამს.

2018 წლის მუნდიალზე რუსეთი - ესპანეთი ხომ გახსოვთ? დიახ, იქ გასაგებია, რომ რთული მდგომარეობა იყო და ტურნირის წინ ლოპეტეგიმ გუნდი მიატოვა, რომელიც გამოუცდელმა ფერნანდო იერომ ჩაიბარა, თუმცა „ფურია როხა“ ბურთის კონტროლითა და ეგრეთწოდებული ტიკი-ტაკას სტილით უკვე დიდი ხანია ვეღარ თამაშობს.

ასეთი სათამაშო სტილის გამოსაყენებლად და თან ამ ყველაფერს შედეგიც, რომ მოჰყვეს ჩავი და ინიესტა გჭირდება, ამჟამინდელ ესპანეთის ნაკრებს კი კოკეს სახით მხოლოდ „ჩინური ჩავი“ ჰყავს.

ესპანელთა შემადგენლობა 4-3-3-ის დროს მეტოქეთათვის ისეთი სახიფათო ვეღარ არის, როგორც რამდენიმე წლის წინ გახლდათ და ამის მიზეზი მხოლოდ ჩავის, ინიესტას, დავიდ ვილასა და მსგავსი ტიტანების არყოფნა როდია - ლუის ენრიკე ამჟამინდელ რესურსს სრულად ვერ იყენებს.

„ლუჩო“ თითქოს სწორ გზაზე იდგა, თუმცა საბოლოოდ წნეხს ვერ გაუძლო? თავისი იდეების ერთგული ბოლომდე ვერ დარჩა? რთული სათქმელია. ამ კითხვაზე პასუხი მალე გვექნება, იქამდე კი იმაზე ვისაუბროთ, რაც აშკარაა და შესაძლებელი იყო, რომ გამოსწორებულიყო.

კოკეს დავუბრუნდეთ. „ატლეტიკოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნაკრებში თამაშისას უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ის ამხელა ნდობას არ იმსახურებს, თუმცა მას მაინც ძირითადში ვხედვათ ხოლმე. რატომ? პასუხი წარსულშია.

წარსული დიდება ესპანელებს უფრო მეტად მეოცნებეებად აქცევს, ვიდრე რეალისტებად. მოვიდა დიდი ტურნირი და კვლავ 4-3-3, კვლავ ტიკი-ტაკას მცდელობა და შედეგი ისევ იგივე - პასი პასისთვის.

ნახევარდაცვაში თუნდაც შვედებთან მატჩში ტიაგო ალკანატარას ძირითადში გამწესება გაცილებით საინტერესო იქნებოდა, ვიდრე კოკეს.

ენრიკე არც ფაბიან რუისს ენდო და ტიაგოს მსგავსად ისიც თადარიგში დარჩა.

რაც შეეხება პედრის, მას „ბარსელონაც“ ზედმეტად ენდობა და ამ ასაკში ზედმეტ პასუხისმგებლობას ჰკიდებს, რაც ფეხბურთელის მენტალურად გადაწვით სრულდება.

არ შეიძლება 18 წლის ასაკში „ბარსელონას“ დონის გუნდში სადებიუტო სეზონი გქონდეს და 52 მატჩი ჩაატარო და აქედან აბსოლუტური უმრავლესობა სასტარტოში დაიწყო... შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე „ფურია როხას“ სასტარტოს უცვლელი წევრი გახდე.

პედრი უნიჭიერესია, თუმცა მას აშკარად ზედმეტად ტვირთავენ და მისგან სულ უფრო ნაკლებ სარგებელს იღებენ, რადგან შეუძლებელია ასეთ დატვირთვას ამ ასაკში ყველამ გაუძლოს.

ასევე უცნაურია ჩემპიონთა ლიგის მომგები ასპილიკუეტას თადარიგში დარჩენა და მარკოს ლორენტეს მარჯვენა მცველად გამწესება, რომელსაც "ატლეტიკოში" საუკეთესო სეზონი ჰქონდა და ნახევარდაცვაში ძალიან პროდუქტიულიც არის.

გარდა გადამეტებული ნდობისა და არასწორად შერჩეული შემადგენლობისა, ესპანეთის ნაკრებში 4-3-3 სქემაზე ზედმეტად ჩაციკლულები არიან და რთულ მომენტებში მწვრთნელი მის შეცვლას, რაიმე ახლის მოფიქრებას და ვაბანკზე წასვლას ვერ ახერხებს.

ახლა სწორედ სქემაზე და შესაძლო ვარიანტებზე მინდა გესაუბროთ, რაც შემადგენლობიდან გამომდინარე „ფურია როხას“ ხელეწიფება და გაცილებით უკეთესადაც შეძლებდნენ ევროზე, რომ ერთი ბასკი ფორვარდი წაეყვანათ.

4-3-3-ზე ჩაციკლული ესპანეთი და რას ერჩიან ინიაკის?

სქემაზე და ამჟამინდელ კადრებზე უკვე ვისაუბრე და მგონი გასაგებია, თუ რატომ ვერ აჩვენებს ენრიკეს გუნდი იმ თამაშს, რომელსაც ნაკრები წლების წინ გვთავაზობდა.

ნახევარდაცვის ხაზი დასუსტდა და მწვრთნელს რაიმე ახლის მოფიქრება მოუწევს. მაგალითად ავიღოთ გუშინდელი შეხვედრა შვედეთთან. ენრიკემ ცვლილებები დააგვიანა. მოედანზე პირველ რიგში ხერარდ მორენო უნდა შესულიყო. ასეთ დროს „ფურია როხას“ მოედანზე 2 ფორვარდი სჭირდებოდა, რომლებიც შვედების გაუვალ დაცვას ცოტათი შეარყევდნენ და სივრცეებს გააჩენდნენ.

„ვილიარეალის“ ლიდერი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა და მას მორატასთან ერთად თამაში არ მოუწია. ენრიკემ სქემა არ შეცვალა.

მართალია ბოლო წუთებზე ესპანელები გააქტიურდნენ, თუმცა უფრო რეალური საგოლე შანსი მაინც შვედებს ჰქონდათ, როცა ბერგმა ისაკის პასის შემდეგ ცარიელ კარში ვერ მოარტყა.

მთლიანობაში ესპანელთა ნახევარდაცვა ინერტული იყო, თამაშს ვერ ამწავევბდნენ, წინ გადაცემები ნაკლებად კეთდებოდა, ბურთის ცენტრში გორებას შედეგი არ მოჰქონდა და როგორც წესი ასეთ დროს 4-4-2-ზე გადაწყობა და შეტევების ფლანგებზე გადატანა ურიგო გადაწყვეტილება არ არის.

2 ფორვარდი და სწრაფი ფლანგები - ტანმაღალი და ფიზიკურად ძლიერი შვედების წინააღმდეგ, ეს მათი დაცვის გარღვევის ერთ-ერთი ოპტიმალური ვარიანტი იყო. ენრიკეს თადარიგში სწრაფი და ფიზიკურად ძალიან ძლიერი ადამა ტრაორე ჰყავდა, თუმცა „ლუჩო" ბოლომდე ტიკი-ტაკას იმედად დარჩა.

ლუის ენრიკეს განაცხადში მხოლოდ 2 ნომინალური ფორვარდი ჰყავს - მორატა და მორენო, თუმცა მას მრავალფეროვნებისთვის და ისეთი მატჩებისთვის როგორიც შვედებთან იყო, შეეძლო მესამე არჩევანიც ჰქონოდა - საუბარი მაქვს ინიაკი უილიამსზე, რომელსაც „ბილბაოში“ საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა და როგორც მინიმუმ განაცხადში მოხვედრას იმსახურებდა.

ინიაკი ძალიან სწრაფია, ფიზიკურად ძლიერია და მეორე სართულზეც (1.86 სმ.) კარგად თამაშობს. მოკლედ, ის ფორვარდია, რომელიც მსგავს ჩაკეტილ შეხვედრებში მეტოქის დაცვას საქმეს გაურთულებს.

„ფურია როხას“ სწორედ აგრესია, სისწრაფე და სითამამე დააკლდა. იბრას და კულუშევსკის გარეშე მოთამაშე შვედეთს, რომ მეტ ხიფათს ვერ შეუქმნი, უკვე რთული მისახვედრი არ არის, თუ რა ელის წინ მსგვს სტილში მოთამაშე ესპანელებს გაცილებით ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ...

ჯერ ყველაფერი წინ არის, თუმცა ენრიკეს დროულად რეაგირება მართებს

ჯერ არაფერი დასრულებულა. ესპანეთს აქვს რესურსიც და შესაძლებლობაც, რომ მიმდინარე ევროზე კონკურენტუნარიანი გუნდი იყოს, რომლის დამარცხება ნებისმიერს გაუჭირდება, თუმცა საამისოდ რაღაცების აღიარება და დროული ცვლილებებია საჭირო.

პრობლემა, რომ მოაგვარო, ჯერ მისი არსებობა უნდა აღიარო.

პირველ რიგში „ლუჩოს“ შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა მოუწევს. ეს პირველი ნაბიჯია. მეორე სქემის ცვლილება იქნება, რასაც პირადად მე ნაკლებად ველი.

ამ ფორმაციის ესპანეთის ნაკრებს შემადგენლობიდან გამომდინარე 4-3-3, 4-4-2 და 3-5-2-ის თამაშიც შეუძლია, თუმცა ჯერჯერობით მათ ამის სურვილი არ ეტყობათ.

რბილად, რომ ვთქვათ ოლმო-მორატა-ფერან ტორესის ტრიო მეტოქეთათვის დიდი ხიფათის შექმნას ვერ ახერხებს. ეს ყველაფერი პირადად ჩვენ თბილისშიც ვნახეთ.

ჯერ მხოლოდ პირველი ტური ვიხილეთ და ზედმეტი კრიტიკა არასწორია. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. თუმცა, ლუის ენრიკეს თამამი და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, რაც მას ნამდვილად შეუძლია.

„ლუჩომ“ რამოსის განაცხადს მიღმა დატოვებით, საკუთარი თავი პრესის სამიზნედ აქცია, ამ ყველაფერს კი პირველი უსახური თამაშიც დაემატა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია მეორე ტურს დაველოდოთ, რომელშიც „ფურია როხა“ 19 ივნისს პოლონეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები