ჰარდენი დაბრუნდა - ბრუკლინმა სან ანტონიო მარტივად დაამარცხა
Aa
Aa

ჰარდენი დაბრუნდა - ბრუკლინმა სან ანტონიო მარტივად დაამარცხა

„ბრუკლინ ნეთსს“ ერთ-ერთი ლიდერი, ჯეიმს ჰარდენი დაუბრუნდა. „წვერას“ ტრავმის გამო 18 მატჩი ჰქონდა გამოტოვებული და იძულებითი პაუზის შემდეგ პირველად „სან ანტონიო სპურსის“ წინააღმდეგ ითამაშა.

„ნეთსმა“ გრეგ პოპოვიჩის გუნდი 128-116 დაამარცხა და ჰარდენი საკუთარი გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლდათ. „წვერამ“ პარკეტზე 25 წუთი და 44 წამი გაატარა და აქტივში 18 ქულა, 7 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.

„არ მინდა დავიტრაბახო ან რამე მსგავსი, მაგრამ კალათბურთს ძალიან კარგად ვთამაშობ. ამ თამაშს ვსწავლობ, ეგოისტი არ ვარ და ყოველ საღამოს ისე ვასპარეზობ, როგორც საჭიროა. არ ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც არ შემიძლია ან გუნდისთვის სასარგებლო არ იქნება და ამ დამოკიდებულების წყალობით ძალიან კარგ ადგილას ვარ“, - განაცხადა მატჩის შემდეგ ჰარდენმა.

„წვერამ“ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, რაც 2011-12 წლების სეზონის შემდეგ, როცა იგი NBA-ის საუკეთესო მეექვსე კაცი გახდა, პირველად მოხდა. ჰარდენის გარდა, „ბრუკლინის“ რიგებში 21 ქულით ლენდრი შამეტი გამოირჩა. ნიკოლას კლექსტონს ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა და თავი 18 ქულასა და 5 მოხსნას მოუყარა, კევინ დურანტმა კი 14 ქულა, 7 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

„სპურსის“ დამარცხების შემდეგ, „ბრუკლინს“ 46 მოგება და 24 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ადგილს იკავებს. „ნეთსი“ მომდევნო შეხვედრას 15 მაისს გამართავს და „ჩიკაგო ბულსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები