გოსენსი:
Aa
Aa

გოსენსი: "რონალდუმ არც კი შემომხედა, ძალიან შემრცხვა და გავწითლდი"

ბერგამოს „ატალანტას“ 26 წლის მარცხენა მცველმა რობინ გოსენსმა კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით ისტორია გაიხსენა, როდესაც მას პორტუგალიელთან მაისურის გაცვლა სურდა, თუმცა მისგან ცივი უარი მიიღო.

2019 წელს „ატალანტამ“ „იუვენტუსი“ იტალიის თასიდან გამოაგდო. მატჩის შემდეგ, გოსენსი კრიშტიანუსთან მაისურისთვის მივიდა:

„მე შევეცადე, რომ ოცნება ამეხდინა და მატჩის შემდეგ რონალდუს მაისური მიმეღო. საფინალო სასტვენის შემდეგ მივუახლოვდი და მაისური ვთხოვე.

მას ვკითხე: „კრიშტიანუ, შეიძლება შენი მაისური ავიღო?“ - მან არც კი შემომხედა, უბრალოდ მითხრა „არა“.

ამის შემდეგ ძალიან შემრცხვა და გავწითლდი. თავი ძალიან პატარად ვიგრძენი.

ის მომენტი ხომ იცით? როდესაც რამე სამარცხვინო ხდება და შენ ირგვლივ იხედები - ვინმემ ხომ არ შეამჩნია? მეც ასევე ვგრძნობდი თავს, ვცდილობდი ყველაფერი დამემალა“. - ციტირებს გერმანელი ფეხბურთელის სიტყვებს Goal-ი.

აქვე გეტყვით, რომ „ატალანტა“ და „იუვენტუსი“ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ოთხეულში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვიან. მათ „ნაპოლისა“ და „ლაციოსთან“ ერთად წინ დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ. გუნდებს შორის მხოლოდ 2, 4 და 6 ქულიანი სხვაობა ფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები