Aa
Aa

„ნელ-ნელა ვუმატებ და პარკეტზე თავს კომფორტულად ვგრძნობ" - ბითაძემ დეტროიტს 9 ქულა ჩაუგდო

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ წარმატებულ გზას დაუბრუნდა და მიმდინარე სეზონში მე-20 გამარჯვება იზეიმა. ქართველი კალათბურთელის გუნდი „მილუოკი ბაქსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, აღმოსავლეთ კონფერენციის აუტსაიდერს, „დეტროიტ პისტონსს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 116-111 სძლია.

ბითაძემ, რომელმაც „მილუოკისთან“ 10 ქულა ჩააგდო, თავი „პისტონსთანაც“ გამოიჩინა და 11 წუთსა და 16 წამში 9 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 3 ორქულიანი და 1 სამიანი ჩააგდო, 5-დან 3 მოხსნა მეტოქის ფარზე განახორციელა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

მატჩის შემდეგ, ქართველმა კალათბურთელმა FOX Sports Indiana-ს ინტერვიუ მისცა და „დეტროიტთან“ მოპოვებულ გამარჯვებასა და საკუთარ პროგრესზე ისაუბრა.

„ეს მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ თვეში, საკუთარ კედლებში ბევრი შეხვედრა არ გაგვიმართავს და ყოველთვის სასიამოვნოა, როცა საშინაო მატჩებში იმარჯვებ, თანაც ეს მოგება ძალიან გვჭირდებოდა. დეტროიტთან გუნდური თამაში ვაჩვენეთ და თავისი სამუშაო ყველამ შეასრულა.

გასვლითი მატჩების შემდეგ, დაბრუნება და საკუთარ კედლებში თამაში რთულია. ტანსაცმლისა და სხვა ნივთების ჩალაგება და ამოლაგება მარტივი ნამდვილად არ გახლავთ, თუმცა ეს NBA-ია, სადაც სტუმრად ბევრ შეხვედრას ატარებ და ამ გუნდის თითოეული კალათბურთელი მზადაა, იმდენი საგარეო მატჩი გამართოს, რამდენიც მოგვიწევს. ყველა შეხვედრაში 100 პროცენტი უნდა გავიღოთ და გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთოთ. მაიამიში ეს მშვენივრად გამოგვივიდა და ჰიტის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ.

ჩემს სათამაშო დროს რაც შეეხება, ვფიქრობ, რაც უფრო მეტ წუთს ვიღებ, მით უფრო კომფორტულად ვარ პარკეტზე. დღეს, ისეთი ლეიაპები გავაცუდე, რომლებიც აუცილებლად უნდა გამომეყენებინა, თუმცა ნელ-ნელა უფრო და უფრო ვუმატებ. მეტი სათამაშო დრო მეძლევა და თანაგუნდელების გვერდით თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობ. ჩემთვის პარკეტზე ცოტათი მეტი დროის გატარება უმნიშვნელოვანესია და ყოველთვის სასიამოვნოა, როცა გყავს გუნდი, რომელსაც მოგება შეუძლია“.

„ინდიანას“ 20 მოგება და 23 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. „პეისერსი“ მომდევნო შეხვედრას 27 მარტს, „დალას მავერიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები