Aa
Aa

"ასე ბევრად უკეთესი იქნება" - ვან ბასტენს თამაშგარის წესის გაუქმება უნდა

ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი თვლის, რომ ფეხბურთში თამაშგარე მდგომარეობის წესი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, ასე თამაში ბევრად დინამიური და საინტერესო გახდება. ტაქტიკური სქემები კი აზრს არ დაკარგავს.

როგორი იქნება ფეხბურთი ოფსაიდის წესის გაუქმების შემდეგ? წარმოუდგენელია? ვან ბასტენს სურს, რომ ტესტ მატჩი ჩატარდეს. მარკო თვლის, რომ ასე ფეხბურთი გაცილებით სანახაობრივი გახდება.

რა თქვა ნიდერლანდელმა?

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს კარგი წესი არ არის. მინიმუმ მინდა ვცადოთ და დაინახოს ყველამ, რომ ოფსაიდის გარეშეც შესაძლებელია საფეხბურთო მატჩების ჩატარება. ვფიქრობ ასე ფეხბურთი გაცილებით უკეთესი იქნება."

56 წლის ნიდერლანდელს უფრო საინტერესო და უფრო სანახაობრივი ფეხბურთის ხილვა სურს. მარკო დარაწმუნებულია, რომ გუნდები ნახავენ გზას, თუ როგორ უნდა ითამაშონ თამაშგარის გარეშე. ვან ბასტენმა გაითვალისწინა ის შედეგები, რომელიც ოფსაიდის წესის გაუქმებას შეიძლება მოყვეს. ეს ყველაფერი კი ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იქნებოდა.

"თუ ფეხბურთელებს მცველების უკან შეეძლებათ მოქმედება, ასე გოლის გატანის ბევრად მეტი შესაძლებლობა იქნება. დაცვის თამაში კი ბევრად რთული გახდება. ოფსაიდის გაუქმების შემთხვევაში მოთამაშეები წინ წავლენ და იმ ფეხბურთელებს, რომლებიც საკუთარ ნახევარზე იქნებიან, შესანიშნავი შესაძლებლობა ექნებათ, რომ გრძელი ლამაზი პასები გააკეთონ. შემტევი ფეხბურთის მოყვარული გუნდები უფრო მრავალფეროვანები გახდებიან და ეს ძალიან საინტერესოა." - თქვა ვან ბასტენმა

მარკო ფიქრობს, რომ მისი წინადადება არბიტრების დაუსრულებელი კრიტიკის შეჩერების შესანიშნავი გზაა. "თანამედროვე ფეხბურთში ხშირად მსაჯებს არასწორი გადაწყვეტილებების გამო აკრიტიკებენ, ჩემი იდეა კი ამ კუთხით ბევრ რამეს შეცვლის" - განაცხადა ნიდერლანდელმა ყოფილმა ფეხბურთელმა

შეგახსენებთ, რომ ვან ბასტენმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა 1981 წელს "აიაქსის" შემადგენლობაში დაიწყო. მარკომ ნიდერლანდებში 6 სეზონი დაჰყო და შემდეგ "მილანში" გადავიდა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა "როსონერიში" 8 დაუვიწყარი წელი გაატარა და გამუდმებული ტრავმების გამო 1995 წელს კარიერა დაასრულა. 14-წლიან საკლუბო კარიერაში მან 373 მატჩი ჩაატარა და 277 გოლი გაიტანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები