Aa
Aa

"ქართული ჩოგბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი მომენტია" - ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის შეფასება

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, როჯერ ფედერერის დამარცხებით, ქართული ჩოგბურთის ისტორიაში უნიკალური ფურცელი ჩაწერა. ამ მოვლენაზე საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე მეტრეველი გვესაუბრება.

„ჩემთვის და ქართული სპორტის ყველა გულშემატკივრისთვის გუშინდელი დღე ძალიან ემოციური იყო. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია.

ვფიქრობ, მთელი ქვეყნისთვის და კონკრეტულად ქართული ჩოგბურთის პოპულარიზაციისთვის იმაზე მეტი არაფერი შეიძლება არსებობდეს, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ.

ვულოცავ პირადად ნიკას და ჩოგბურთის ყველა გულშემატკივარს. ასევე, მინდა, წარმატება ვუსურვო 1/2 ფინალურ მატჩში, რომელშიც ამერიკელ მოწინააღმდეგეს შეხვდება და რთული თამაში ელის“, - აღნიშნა მეტრეველმა CrystalSport-თან საუბრისას.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერს დოჰას 250-იანი ტურნირის 1/4 ფინალში 3:6; 6:1; 7:5 მოუგო, რაც მის კარიერაში და ქართულ ჩოგბურთში მართლაც ახალი სიმაღლეა. ჩვენი თანამემამულე ATP-ის რეიტინგის ტოპ 10-ის წარმომადგენელს მე-19-ედ შეხვდა და მეხუთე გამარჯვება მოიპოვა - ფედერერამდე ტომაშ ბერდიხს, დომინიკ ტიმს, ხუან მარტინ დელ პოტროსა და ალექსანდრ ზვერევს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ქართველთაგან ბასილაშვილამდე, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანთან მოგებული მხოლოდ ირაკლი ლაბაძეს ჰქონდა. მან ლეგენდარული ანდრე აგასი 2001 წელს, შანხაის ტურნირზე 7:6; 7:5 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები