„საუკეთესოები დორტმუნდმაც გაყიდა, მაგრამ დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალშია“ - FIFA-ს აგენტი კვარას ტრანსფერზე
FIFA-ს იტალიელმა აგენტმა, ფრანკო კამოციმ „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. რადიო 1 Station Radio-ს ეთერში კამოციმ აღნიშნა, რომ კვარას გაყიდვით ნეაპოლში ტრაგედია არ უნდა შეიქმნას. ცნობილმა აგენტმა კლუბში ანტონიო კონტეს შესაძლო დანიშვნაზეც ისაუბრა.
რას ამბობს კამოცი:
„ცხადია, რომ კონტესა და „ნაპოლის“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მის დანიშვნას შესაძლოა, ბევრი დადებითი რამ მოჰყვეს. ადრე მქონდა ინფორმაცია, რომ კონტეს საკუთარი ძალების გამოცდა ნეაპოლში სურდა. უნდოდა გასცნობოდა სამხრეთის კულტურას, აღმოჩენილიყო განსხვავებულ გარემოში, ისეთში, რომელიც არც მილანში, ტურინში და არც ლონდონში იყო“.
„ყველა მწვრთნელს კლუბში თავისი ხედვა და ფილოსოფია შემოაქვს. „ნაპოლი“ ტექნიკურად უმაღლეს დონეზე დგას. ნეგატიური სეზონის მიუხედავად, ფეხბურთელების ხარისხი ეჭვქვეშ არ უნდა დავაყენოთ. კონტე ფეხბურთელებთან განსაკუთრებული ურთიერთობით გამოირჩევა. პატივისცემა უყვარს, რაც გაიძულებს, რომ მისგან ყველაფერი მიიღოთ და პირიქით, თქვენც გასცეთ. მას მოაქვს ამბიცია, თავდადება და საქმისადმი ყოველდღიური ერთგულება. სპალეტიც ზუსტად ასე იყო. კონტეს დანიშვნით „ნაპოლი“ მიიღებს მწვრთნელს, რომელსაც გუნდისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია“.
„კვარას ტრანსფერი? არ გამიკვირდება, თუ გუნდი მას გაყიდის, მაგრამ ეს ფაქტი ძილსაც არ დამირღვევს. ბოლო პერიოდში ყველა გუნდმა აჩვენა, რომ ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელების შეცვლა შეუძლიათ. დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბოლო წლებში გუნდისთვის ყველა საუკეთესო მოთამაშე გაყიდა, მაგრამ დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. მიმაჩნია, რომ „ნაპოლიმ“ ახალი დირექტორის დანიშვნით ბევრი პრობლემა უკვე გადაჭრა. მას შეუძლია ბევრი მნიშვნელოვანი ტრანსფერის გათვლა და მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა. ვიცი, რომ თუ კვარაცხელიას ტრანსფერზე შესაბამისი შეთავაზება მოვა, ხელმძღვანელობა მის გასაშვებად მზად იქნება. მესმის, რომ გულშემატკივრებს ფეხბურთელები უყვარდებათ, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ გამოვიდეთ ამ ფიქრებიდან. ფეხბურთელები მოდიან და მიდიან, მთავარი კი ისაა, რომ კლუბი ძლიერი და სათანადოდ მომზადებული იყოს“.
ევროპულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით პსჟ არის დაინტერესებული და პარიზელები მზად არიან ქართველის სანაცვლოდ „ნაპოლის“ 120 მილიონი ევროც გადაუხადონ.