''ჯანო ჩემს დარწმუნებას ცდილობდა'' -  როცა ჯიქიამ საქართველოს უარი უთხრა
Aa
Aa

''ჯანო ჩემს დარწმუნებას ცდილობდა'' - როცა ჯიქიამ საქართველოს უარი უთხრა

მოსკოვის ''სპარტაკის'' ფეხბურთელმა გიორგი ჯიქიამ რუსულ მედიასთან საუბარში ის პერიოდი გაიხსენა, როცა მას საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გადაწყვეტილება უნდა მიეღო.

''საქართველოს ნაკრებიდან შემოთავაზება ნამდვილად იყო, მაგრამ არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გავაკეთე. საქართველოს ნაკრებში რომ მეთამაშა, ჯანო ანანიძეს ძალიან გაუხარდებოდა, ის ცდილობდა ჩემს გადარწმუნებას, თუმცა სხვა არჩევანი გავაკეთე და ჯანო ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა, ჩვენს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან დაინტერესება ნამდვილად იყო, პრეზიდენტის ბრძანებით პასპორტს ერთ დღეში მივიღებდი, მაგრამ მე სხვა გზა ავირჩიე.

არჩევანი თავად გავაკეთე, მშობლებიც კი არ ჩარეულონ, ეს იყო დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება.

საქართველოს ნაკრებში თამაშზე რომ გამეკეთებინა არჩევანი, ''ამკარში'' პრობლემები შემექმნებოდა, ასეთ შემთხვევაში ლეგიონერად აღარ ჩავითვლებოდი''.

ჟურნალისტის კითხვაზე რატომ არ დაინტერესდნენ საქართველოს ნაკრებში მისი მიწვევით, როცა მოსკოვის ''ლოკომოტივის'' სარეზერვო გუნდში თამაშობდა, ჯიქია ასე პასუხობს: ''როდესაც რუსეთის რანგით მესამე ლიგაში თამაშობ, დიდ დაინტერესებას ვერ გამოიწვევ, მით უმეტეს რომ რუსეთის უმაღლეს ლიგაში ბევრი ქართველი თამაშობდა. საქართველოში ჩემით მას შემდეგ დაინტერესდნენ, როცა პრემიერ ლიგაში მოვხვდი''.

2017 წლიდან მოყოლებული გიორგი ჯიქიამ რუსეთის ეროვნულ გუნდში 28 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი ბელგიას შეუგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები